დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით მაღალმთიან რეგიონებში ინტენსიური თოვაა.
ამ დროისთვის, საავტომობილო გზებზე დაწესებულია შემდეგი სახის შეზღუდვები:
თოვლის და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
თოვლის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ174–კმ192 (შროშა-ზესტაფონი) მონაკვეთზე ასევე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა) გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ105 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ198 (კალა-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, დაემორჩილონ გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს და იმოძრაონ ზამთრის შესაბამისი საბურავებით.