ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ადოლფ ჰიტლერის მიერ შესრულებული ნახატები (ცნობილია, რომ ჰიტლერი პროფესიით მხატვარი იყო) საკმაოდ სოლიდურ ფასად –175 ათას ევროდ გაიყიდა. როგორც ჩანს, გასული საუკუნის “დიდი დიქტატორის“ მიმართ ინტერესი ბოლო პერიოდში ისტორიკოსების გარდა, ხელოვნების მოყვარულებსაც გაუცხოველდათ და ამას ისიც ადასტურებს, რომ სულ მალე, ლონდონის აუქციონზე, ადოლფ ჰიტლერის ფოტოებიც გაიყიდება.
უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ადოლფ ჰიტლერის ფოტოები საზოგადოებისთვის უცნობია და ისინი დიქტატორის პირადი ფოტოგრაფის ჰენრიხ ჰოფმანის მიერ 20-30-იან წლებში, გერმანიის ხელისუფლებაში ნაციონალ-სოციალისტების მოსვლის პერიოდშია გადაღებული.
აუქციონი სულ მალე, მიმდინარე წლის მარტში გაიმართება და აუქციონის ორგანიზატორების მტკიცებით, დიქტატორის ფოტოების საწყისი ფასი 100 ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება.