დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე, მერიის სამსახურების, ა(ა)იპ-ების და შპს -ების მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშებს მოსმენა დაიწყო.
მანამდე კი განიხილა რამდენიმე საკითხი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ, საკრებულოს მიერ დადგენილების მიღება.
დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ, გამოთქვა უკმაყოფილება, რომ ქალაქში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნორმატიული ფასი წლების წინანდელი ოდენობით ისაზღვრება და ცვლილება არ ხდება.
_ როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი შემოდის, წლიდან წლამდე ერთნაირი არ უნდა იყოს, არ უნდა შემოდიოდეს სულ ერთი და იგივე დოკუმენტი. ამქვეყნად ყველაფერი იცვლება, ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური შემადგენლობა, სტრუქტურა თუ საბაზრო ფასი. აქ უნდა შემოდიოდეს დოკუმენტი, რომელშიც იქნება მითითებული, ეს უნდა იყოს ამდენი და განმარტებაც – რატომ უნდა იყოს ამდენი. ბევრ მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად არეგულირებენ ფასს და ოზურგეთს კი აქვს საიმისო პოტენციალი, შემოიღოს ისეთი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებში რეგულირდება, _ თქვა მან და აღნიშნა ისიც, რომ ბევრ მუნიციპალიტეტში ამას ყოველ წელს არეგულირებენ.
ბიგვავამ თქვა, ისიც, რომ დებულებას მხარს მხოლოდ იმიტომ უჭერს, რომ მისი არსებობა აუცილებელია და კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ ცვლილება საჭიროა.