გურიაში, დიდი ხნის ნანატრ თოვლს, მალე ყინვები მოჰყვა და მკვირცხლ, საქმესა თუ საუბარში მარად მოჩქარე, „მარცხი ელანძეას“ რიტორიკის მოყვარულ გურულებიდან, ზოგიერთს თავი პატარა მოწაფის ცრემლებზე მეტად დაამახსოვრა.
ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვასო ჩიგოგიძეს, ჩოხატაურის კულტურის სახლის კიბეზე ჩამოსვლისას, ფეხი ლიპყინულზე დაუცდა და მარცხენა ხელი მოიტეხა…
ოზურგეთის საპროექტო სამსახურის ინჟინერს, ნოდარ გოგუას კი სრიალის ღმერთი ული მაინც და მაინც აბაზანაში აუხირდა, წაიქცა და მარჯვენა ხელი მოიტეხა.
ახლა ეს ორი ცნობილი ოზურგეთელი გულზე ხელჩამოკიდებული დადის და იარას იშუშებენ.
თანაქალაქელები გურულ ენაკვიმატობას მაინც არ იშლიან და ხუმრობენ: მთავარია, გულზე არასდროს დაიკრიფონ ხელები, დიდხანს იცოცხლონ, თორემ გულზე ჩამოკიდებულ ხელებს, მაგენი იმფერი ყაძახებია, ერხანს კი გოუძლებენო.
მართლაც, ბატონი ვასო და ბატონი ნოდარი სამსახურშიც დადიან და ღონისძიებებსაც არ აცდენენ – ასე გამოიყურებოდნენ ისინი 22 თებერვალს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, ლეგენდარული „შვიდკაცას“ წევრის, ილია ინწკირველის საიუბილეო საღამოზე.