თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც უკვე ორი დღეა საკარანტინო ზონაა მოწყობილი, ამ დროისთვის 16 პირია მოთავსებული. მათ შორის 3 სამხედრო მოსამსახურე და ირანის 4 მოქალაქე. სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, არცერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულა.
“ამ დროისთვის გორის ჰოსპიტალში მოთავსებულია 16 პირი. მათგან ოთხი ირანის მოქალაქეა, 12 საქართველოს მოქალაქე, საიდანაც სამი სამხედრო მოსამსახურეა. ამ დროისთვის ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ირანის მოქალაქეებს, აღნიშნული პირები საკარანტინო ზონაში შემოვიდნენ მაღალი ტემპერატურით, თუმცა შემდგომ ტემპერატურამ დაიწია. აღებულია ანალიზები, გადაგზავნილია და ველოდებით პასუხებს”, – განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კი, ამ დროისთვის ხუთი ადამიანია.
მათ შორის ერთი აეროპორტის თანამშრომელი და ერთი მესაზღვრე, მას შეხება ჰქონდა პირთან, ვისაც პირველი კორონავირუსის შემთხვევა დაუდასტურდა.
ქუთაისში მყოფი მოქალაქეებიდან ერთის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, ოთხი პაციენტის ანალიზების პასუხს კი ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან. პაციენტები სიმპტომების მიხედვით ბოქსირებულ და ნახევრად ბოქსირებულ განყოფილებებში არიან განთავსებული.