სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ჭრილში და ის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასთან ერთად, საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება. ნიკოლ ფაშინიანმა ეს განცხადება გააკეთა 3 მარტს, თბილისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„არაერთხელ აღმინიშნავს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია და დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვის არის ყველა წინაპირობა. ეჭვგარეშეა, რომ მრავალსაუკონოვანი მეგობრობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ისტორიულ მემკვიდრეობას, მყარ საფუძველს უქმნის ჩვენს თანამშრომლობას.
დიდი კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ გაჩნდა ახალი ფაქტორები, რომლებიც ჩვენს მეგობრობას კიდევ უფრო განუყოფელს ხდის და აძლიერებს ჩვენს მისწრაფებას თანამშრომლობისკენ. ეს უპირველეს ყოვლისა დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული მომავლის აშენებისკენ მიმართული ჩვენი ორი ხალხის საერთო ხედვაა, რომელიც წარუშლელია ჩვენში და რწმენის ძალა აქვს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური 2-დღიანი ვიზიტით საქართველოს 3 მარტს ეწვია. ნიკოლ ფაშინიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სომხეთის პრემიერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.