„დასამალი არაფერი არ არის, ჩემმა შვილმა გაავრცელა ინფორმაცია, ეს მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და უფლებაა. ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება. ჩემი შვილი კონტაქტური იყო იმ კლასტერთან, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა, ისინი არიან მისი თანამშრომლები, იყვნენ ორშაბათს საღამოს სხდომაზე ჩემს შვილთან და დიდი ალბათობით, იქიდან მოხდა ინფიცირება. ჩემი შვილი, ბოლო ორი დღე იყო თვითიზოლირებული და შემდგომ პირველი ტესტი იყო საეჭვო, ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ მისი კვლევა. გუშინ დადასტურდა. მისი კონტაქტები ყველა ჩამოთვლილია, გაუგზავნა დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ამ კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს ინტენსიურად“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ამირან გამყრელიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა დღეს გახდა ცნობილი.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში „გურია ნიუსს“ განუცხადეს, ამირან გამყრელიძე შვილთან ერთად არ ცხოვრობს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პანიკის საფუძველი არ არსებობს და მოქალაქეებს მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა.
“პანიკას ნუ მივეცემით, პანიკის საფრთხე და პანიკის საფუძველი არ არის, უნდა გვქონდეს მეტი სიფხიზლე ქვეყანაში და უნდა გვქონდეს მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დავმალოთ სიმპტომები, როცა ჩვენ ვბრუნდებით ჩვენს მიერ დასახელებული ქვეყნებიდან”_ განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ დღეს ყველაზე მეტად ინფიცირების წყაროა იტალიიდან დაბრუნებული ჩვენი მოქალაქეები.
„ფრენების აკრძალვის შემდეგ, საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა ჩვენ თანამოქალაქეებს მიეცეთ საშუალება საქართველოში დაბრუნების. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩამოსვლის შემდეგ უნდა გაიარონ ორკვირიანი კარანტინი, რათა უზრუნველყონ თავიანთი ჯანმრთელობის უსაფრთხოება და მეორე არ იყვნენ ინფიცირების წყარო“, – განაცხადა გამყრელიძემ.