ჩოხატაურში იტალიიდან ჩამოსული მოქალაქეების გამოჩენას პანიკა მოჰყვა. “გურია ნიუსს” მოქალაქე დაუკავშირდა, რომელიც ირწმუნება, რომ იტალიიდან ჩამოსული ადამიანები არ იმყოფებიან თვითიზოლაციაში.
“არავითარ თვითიზოლაციაში არ იმყოფებიან ისინი. ჩვეულებრივად, თავისუფლად გადაადგილდებიან ჩოხატაურში. უფრო მეტიც, მაღაზიებში დადიან, მოიკითხავენ და კოცნიან ყველა ნაცნობს ჩოხატაურში. იყვნენ სხვადასხვა სამსახურებში. მეც მქონდა შეხება ისეთ ადამიანთან, რომელიც იტალიიდან ჩამოსულმა ერთ-ერთმა პიროვნებამ მოინახულა _ სტუმარი მყავდა, რომელსაც ის გოგო ქუჩაში შეხვდა და გადაკოცნა; იმ სტუმარმა მე გადამკოცნა, მე სხვა, იმ სხვამ კიდევ სხვა. რა უპასუხისმგებლობაა! შეშინებული ვარ. სახლში ბავშვები მყავს. როგორც ვიცი, ვირუსის საინკუბაციო დრო 14 დღეა. შიშში უნდა გავატაროთ ახლა ის დღეები, რაც ვირუსის ინკუბაციისთვისაა საჭირო. ცოტა მეტი ყურადღებაა საჭირო სამედიცინო პერსონალის თუ სახელმწიფოს მხრიდანაც, ხომ ხედავენ ჩვენი საზოგადოების თვითშეგნება, რომ ნულია. ღმერთმა ყველა დაიფაროს და რამე რომ იყოს, მთელი ჩოხატაური დაისვრება”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” მამაკაცი, რომელმაც სახელისა და გვარის გამხელა არ ისურვა.
აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსმა” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან, ნატო ჯიბუტთან გადამოწმა. ჯიბუტის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
_ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. იმყოფებიან თვითიზოლაციაში. ჯანმრთელობის მდგომარეობა მათი კარგია. არანაირი სიმპტომი არ გააჩნიათ. ამდენად, ამ თვალსაზრისით ჩოხატაურში პრობლემა არ არის.
ნატო ჯიბუტის თქმით, ამ ეტაპზე, ჩოხატაურში თვითიზოლაციაში 3 ადამიანი იმყოფება.
“გურია ნიუსს” სხვა წყაროდანაც აქვს ინფორმაცია, რომ იტალიიდან ახლახან დაბრუნებული მოქალაქეები არ იმყოფებიან თვითიზოლაციაში, რასაც ვამოწმებთ.