საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“დებულებაში ცვლილებები შეიტანა. ბანკის ინფორმაციით, ცვლილებები გაამარტივებს გადახდისუნარიანი მსესხებლებისთვის სესხის აღებას, შეამსუბუქებს ბიუროკრატიულ ტვირთს, გაზრდის მოქნილობას და, შედეგად, დაკრედიტების პროცესს მეტ საოპერაციო ეფექტიანობას შემატებს.
„პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ძირითადი პრინციპი უცვლელი რჩება: სესხის მომსახურებამ ფინანსური სირთულეები არ უნდა შეუქმნას მსესხებელს, ვინაიდან სესხი გაიცემა იმ პირებზე ვისაც ვალდებულების ადეკვატური შემოსავლები აქვს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცახდებაში (ლინკი:https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3881).
უფრო კონკრეტულად, ცვლილებები ითვალისწინებს შემდეგს:
1. იცვლება მსესხებლის შემოსავლის შესწავლის წესი: მსესხებლის შემოსავლების შესწავლა კვლავ სავალდებულოა, თუმცა შემოსავლის დადგენის პრაქტიკა აღარ იქნება წესად გაწერილი (მაგ. არაფორმალური დასაქმებისას ადგილზე ვიზიტი) და ფინანსურ ინსტიტუტს შეეძლება თავად, შიდა პროცედურებით განსაზღვროს შემოსავლის დადგენის წესი..
2. უქმდება სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) ლიმიტი: PTI დაითვლება იმ მაქსიმალურ პერიოდზე, რომელზეც კონტრაქტით შეიძლება სესხის ვადის გაგრძელება.
3. სესხის მომსახურების კოეფიციენტების ზღვრების რაოდენობა, ოთხიდან ორამდე მცირდება. ამავე დროს, სესხის მომსახურების კოეფიციენტი განსხვავებული რჩება უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის, რაც მიზნად ისახავს მსესხებლისა და ფინანსური სისტემის უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობის რისკებისაგან დაცვას:
4. იზრდება იპოთეკური სესხების ვადიანობა: ლარში გაცემულ იპოთეკური სესხებისათვის მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 20 წლამდე იზრდება.
5. საზღვარგარეთიდან შემოსავლის შემთხვევაში, ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტზე მოთხოვნა მსუბუქდება 60%-დან 70%-მდე.
6. რეგულაცია აღარ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა სესხის მოცულობა 1 მილიონ ლარზე მეტია (ნაცვლად 2 მილიონი ლარისა) ან რომლებიც აკმაყოფილებს გათვითცნობიერებული ინვესტორის კრიტერიუმებს (“ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
7. რისკების ფუნქციის გაძლიერების მიზნით, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის შემოდის კორპორაციულ მართვის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, რისკების მართვის ჩარჩო უნდა მოიცავდეს აღნიშნული დებულების დაცვის უზრუნველყოფას, როლების და პასუხისმგებლობების განაწილებას “დაცვის სამი ხაზის“ (ბიზნესის ხაზი, რისკების მართვის ფუნქცია და შიდა აუდიტი) პრინციპის გამოყენებით.
აღნიშნული ცვლილებებით, ასევე, დაზუსტდა წლის განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა ტექნიკური საკითხები. ცვლილებები „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“დებულებაში სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის ძალაში შედის 2020 წლის 15 აპრილიდან.