ეგვიპტეში, მეფეთა ველზე, ერთ-ერთ სამარხთან მსოფლიოში დღემდე აღმოჩენილთა შორის უძველესი მზის ეგვიპტური საათი აღმოაჩინეს. ის მე-19 დინასტიის პერიოდს ანუ ძვ.წ. მე-13 საუკუნეს განეკუთვნება.
მზის საათს მკვლევარებმა მეფეთა ველზე ეგვიპტის ახალი სამეფოს (ძვ.წ. 1550-1070 წწ.) პერიოდის სამარხების ტერიტორიაზე მიაკვლიეს.
მანამდე მსოფლიოში ყველაზე ძველი მზის საათები (ძვ.წ. 332 – ახ.წ. 395 წწ.) ბერძნულ-რომაულ პერიოდს განეკუთვნებოდა.
მეფეთა ველზე მიკვლეული მზის საათი კირქვის გლუვი ნაჭრისგან არის დამზადებული, რომელზეც 12 ნაწილად დაყოფილი შავი ნახევარწრე მიმართულია ზევით. ყოველი ნაწილი კი შუაში, ერთ წერტილში იყრის თავს. მათ შორის დაშორება 15%-იანი კუთხეა. მეცნიერთა აზრით, ეს ხელს უწყობდა დროის უფრო ზუსტად განსაზღვრას.