პაატა იმნაძემ საქართველოს მოსახლეობას მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულებისკენ კვლავ მოუწოდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ „დილის შოუს“ და „ანატომიის“ გაერთიანებულ ეთერში განაცხადა, ვირუსის შიდა გავრცელების პრევენციის მხრივ ყველა აუცილებელი ზომაა მიღებული, ამიტომ მოვლენათა შემდგომი განვითარება უკვე მათ გათვალისწინებაზე იქნება დამოკიდებული.
„ის, რაც უკვე გაკეთდა, ეს ყველაფერი იყო შიდა გადაცემის პრევენციისთვის. ახლა ყველაფერი ჩვენს მოსახლეობაზეა უკვე დამოკიდებული. თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში. აი ეს არის დღეს, მეტი აღარაფერი. დღეს არის მთავარი რა? რომ ყველამ უნდა გაითვალისწინოთ, საქართველოს ყველა მოქალაქემ, ყველა ადამიანმა ქვეყნაში – დღეს უკვე იმ ეტაპზე შევდივართ, რომ თუ ჩვენ არ დავრჩებით სახლში, ინფექცია არ გაჩერდება“, – განაცხადა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან ჯამში 14 ადამიანი განიკურნა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.