ტაილანდის მეფე თვითიზოლაციის პერიოდს ბავარიის კურორტ გარმიშ-პარტენკირხენის სასტუმროში 20 ქალთან ერთად ატარებს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა ,,Bild”-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 67 წლის მეფე მაჰა ვაჯირალონგკორნას (რომელსაც რამა X-ს უწოდებენ,) ჰარამხანა რამდენიმე ათეული მსახურისგან და 20 ქალისგან შედგება. თუმცა უცნობია, მეფეს თან ახლავს თუ არა მისი ოთხი ცოლი.
ვაჯირალონგკორნის ბავარიაში გაფრენის ამბავმა ტაილანდის მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ მეფის კრიტიკა სოციალურ ქსელებში 15 წლამდე პატიმრობით ისჯება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ტაილანდური ჰეშტეგი #რაშიგვჭირდებამეფე ტვიტერზე 24 საათში 1,2 მილიონჯერ გამოჩნდა.
როგორც, გერმანული გამოცემა წერს, ტაილანდის მეფეს საჯარო გამოსვლა თებერვლის შემდეგ აღარ ჰქონია.
ბოლო მონაცემებით, ტაილანდში კორონავირუსით ინფიცირების 1 388 შემთხვევა დადასტუედა.