საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. სამეგრელოში გამკაცრდა მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ბოლნისი და მარნეული კი დაიკეტა.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას მივმართეთ კითხვით_ ხომ არ არის მოსალოდნელი გურიაში, სამეგრელოს მსგავსად, მკაცრი ზომების მიღება?
„გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს. ქალაქსა და სოფლებში მკაცრი კონტროლისათვის ხდება მოსახლეობის ინფორმირება და მოწოდება სახლში დარჩენის, დისტანციის დაცვისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ.
ბანკებთან, ბანკომატებთან და სავაჭრო ობიექტებთან ხალხმრავლობის თავიდან აცილებას და ვაჭრობისას მოქალაქეების დისტანცირების ორგანიზებას მოხალისეთა ჯგუფები ახდენენ.
რაც შეეხება, ისეთივე ზომების მიღებას, რაც სამეგრელოში ხდება, აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ გავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები“,_ გვიპასუხა გუბერნატორმა.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს რეგიონში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა.
კერძოდ, დამატებით ბლოკ-პოსტები დგას რეგიონის, მუნიციპალიტეტების შესასვლელებში და გაძლიერებული საპოლიციო ძალები, ანუ ეკიპაჟები მკაცრად აკონტროლებენ საავტომობილო გადაადგილებას.