“ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვაა, რომელიც ეხება სამზე მეტი პირის თავშეყრას. აქამდე 10 იყო დასაშვები ზღვარი, მაგრამ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს უფრო მეტად შეიზღუდა. აქ იგულისხმება სამზე მეტი პირის თავშეყრის აკრძალვა”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ შეზღუდვებთან დაკავშირებით აღსრულება მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
„ჩვენი პოზიციაა, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა არის უპირველესი ამოცანა, განსაკუთრებით, 70 წელზე მეტი ასაკის პირებზე დაწესდა გარკვეული შეზღუდვები, სახლიდან გამოსვლის აკრძალვა და ამ ნაწილში ადამიანებზე ზრუნვა არის უპირველესი ამოცანა”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს.
„ამ წესიდან, ბუნებრივია, არსებობს გამონაკლისები – ეს არის აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები. სასურსათო მაღაზიაში შეიძლება, იმყოფებოდეს სამზე მეტი ადამიანი, მაგრამ აქაც მკაცრი კონტროლი უნდა არსებობდეს. აუცილებლად უნდა იყოს დაცული, მინიმუმ, 2-მეტრიანი დისტანცია და ჩვენ ვხედავთ, რომ მაღაზიები ამ რეკომენდაციებს კარგად იცავენ”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.