კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი სხვადასხვა ღონისძიებისა თუ შეზღუდვების მიუხედავად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. გამონაკლისი არც ლანჩხუთია და ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოუწიათ საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებს შეკრება, სადაც ბიუჯეტში გასახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს. კომისიის წევრები სხდომაზე ერთმანეთისგან დისტანცირებულად და ნიღბებით ისხდნენ.
“სხდომის ჩატარების აუცილებლობა გამომდინარეობს იქედან, რომ შეუფერხებლად გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და მუნციპალიტეტის ფუნქციონირება“, _ თავშივე აღნიშნა კომისიის თავკაცმა ალექსანდრე მახათაძემ.
რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტში გასახორციელებლ ცვლილებებს, რომელიც კომისიამ განიხილა და მხარიც დაუჭირა, ირკვევა, რომ
ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო დაფინანსება სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
კერძოდ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს 1800000 ლარი ერგო, რომელიც მიიმართა 2019 წლის დაწყებული პროექტების დასასრულებლად. კერძოდ, ხიდების რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობაზე .
სკოლების რეაბილიტაცისთვის – 520000 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით -748000 ლარი.
გაეროს განვითარების პროგრამის-რეგიონული ადგილობრივი განვითარების ინიციატივების ხელშეწყობის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო გრანტი 309890 ლარი, რომლითაც დაფინანსდება ორი პროექტი. გრიგოლეთის განაშენიანების გეგმის შემუშავებისათვის დაიხარჯება 250000 ლარი. ტურისტული მარშუტების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალომთიანი თემების ეკონომიკური გაძლიერებისათვის 67040 ლარი. მათ შორის გრანტით ფინანსდება 59890 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება შეადგენს 7150 ლარს.
კომისიაში მიღებული მხარდაჭერის შემდეგ წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოეს სხდომაზე მოუწევს, რომლის გამართვის თარიღიც ჯერჯერობით ცნობილი არაა.