ლანჩხუთში უკვე მეორე დღეა, რაც უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აგრარული ბაზარი დაიკეტა და გარევაჭრობა აიკრძალა.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ბაზარსა და გარემოვაჭრეებთან მაინც ხალხმრავლობა იყო და ვერ ხერხდებოდა წესების დაცვა, რის გამოც დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.
ჯერჯერობით, უცნობია, როდემდე გაგრძელდება აღნიშნული შეზღუდვა. ერთი კი ფაქტია, ამ ახალ შეზღუდვის დაწესებამ მოქალაქეებში არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია _ მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ მსგავსი აკრძალვა ლანჩხუთის სინამდვილეში ბოსტნეულის დეფიციტსა და მასზე ფასების ზრდას გამოიწვევს. მათი თქმით, მსგავს პირობებში არ აქვთ საშუალება ხარისხიანი ბოსტნეული შეიძინონ.
„მაინტერესებს, გარევაჭრობა რომ აკრძალა, რა იქნება ახლა?! ორი სუპერმაკეტის უვარგისს ბოსტნეულზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული?! ლანჩხუთს არ აქვს მარკეტებში ბოსტნეულზე არჩევანის თავისუფლება, რაც არის ისიც უვარგისი და თან მაღალ ფასებში. ვფიქრობთ, ახალი რეგულაციები კიდევ უფრო გაზრდის ფასებს“, _ ამბობს მოქალაქეთა ერთი ნაწილი.
ზოგი კი შედარებით ოპტიმისტურადაა განწყობილი და მეტი უსაფრთხოებისთვის აგრარული ბაზრისა და გარევაჭრობის შეზღუდვის მომხრეა.