ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯაში მცხოვრები ელიკო და რამაზ კალანდაძეების ოჯახი (ბატონი რამაზი შშმ პირია და მუდამ ხაზს უსვამს, რომ ამიტომაც ჩაგრავენ)დიდი ხანია, ითხოვს საკარმიდამო ნაკვეთთან მდებარე მიწის ნაკვეთის დაბრუნებას, რომელიც, მათივე თქმით, ერთ-ერთმა ინვესტორმა მიიტაცა.
_ პასუხი იგვიანებს, მომეშველეთ ჟურნალისტები! დიდი კაცისგან პატარის ჩაგვრის მარადიული ფილოსოფია _ ჩემზეც საუკეთესო მაგალითია! ნარუჯაში ვცხოვრობ, საკარმიდამო ფართობთან მიმდებარე 6 ათას კვმ. მიწის ნაკვეთის დაკანონებას, რომელზეც თხილი და ჩაის მაქვს გაშენებული და თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა, რა ხანია, ვითხოვ. უცებ კი აღმოჩნდა, რომ ვიღაცას 22 ჰა მიწის ფართობი არ ეყო და ეს ერთი მტკაველი მიწა წამგლიჯა! მიწის შვილს მიწას მართმევენ “საჰაერო თავდასხმით მზომავი” მძარცველები! _ სახელმწიფოვ, დამეხმარე! ყველა დამეხმარეთ! _ წერდა “გურია ნიუსს” შარშან რამაზ კალანდაძე .
დღეს ჩვენ კვლავ დაგვიკავშირდა ბატონი რამაზი და მისი მეუღლე ელიკო კალანდაძე.
_ სამართალი ვერ ვიპოვეთ. ნარუჯაში 22 ჰექტარი ფართობი იყიდეს, 2016 წელს ეს 6 ათასი კვმ. მიწის ფართი აღმოჩნდა შპს “ბლუბერის” 22-ჰექტრიან მიწის საკუთრებაში. გუშინ მათ და მოგვითხარეს ღობე, ამიჭრეს თხილის ხეები და ტოტები თვალებში მომაბერტყეს. ეს შეიძლება? ჩემი დარგული, ნაწვალები მომიჭრეს. მოგვერივნენ და სამართალი არსადაა? კიდევ ერტხელ გთხოვთ, დაგვეხმარეთ. ღობე ნახეტ, მოარღვიეს, სარები მომიყარეს, კბილიანი მავთულით მქონდა სერობილი და აგლიჯეს, – გვითხრეს მათ, როცა ადგილზე მივედით.
„გურია ნიუსი“ აქ გაჭიანურებული სამეზობლო დავის მოწმე გახდა, სადაც დაძაბულობა აშკარაა და , შესაძლოა, ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდეს.
_ამ ოჯახს ვერანაირად ვერ მოვურიგდით. რა უნდათ, თვითონ არ იციან. ეს არის ჩვენი საკუთრება. 2015წელს აუქციონზე შევიძინეთ 22 ჰა ფართობი. მოვიდა ქალბატონი ელიკო და გვითხრა, რომ ამ ტერიტორიაზე მისი სახლის მიმდებარე, ექვსიათას კვ.მ. ფართობით, დიდი ხანია სარგებლობს. შეგვეცოდა და არც თხილი მოგვიჭრია, არც ჩაის ბუჩქები მოგვითხრია,რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზეა. დღემდე სარგებლობს, კრეფს ჩაის. ხუთი წელია, ვეხვეწებით, მოიტანოს დოკუმენტი, რომ მისია. მიწის საკუთრების მოწმობა ხომ უნდა ჰქონდეს? ახლა ამ ერთ მხარეს მოვხსენით ღობე, სარები დავულაგეთ თავის ეზოთი. შეხედეთ, ეს დაგლეჯილია? რა უნდა ჩვენთან? კიდე გვეცოდება და დარჩენილ სამი ატას კვ.მ. ფართობზე, რომელიც ჩვენია და ნაყიდი გვაქვს, არ ვედავებით, ჯერჯერობით. ვიმეორებ, მოიტანოს საბუთი ან წავიდეს სასამართლოში, _ თქვეს „გურია ნიუსთან“ შპს „ბლუბერის“ წარმომადგენლება, მამა-შვილმა პალესტ და კახა ზამთარაიებმა.
_თქვენ 20 თეთრად იყიდეთ ერთი კვადრატული მეტრი. გადაგიხდით მეც ასე და დამიბრუნეთ. ხომ გითხარით, როცა მოხვედით, რომ ჩემი მიმდებარეა და ამდენი წლის მანძილზე ვსარგებლობ? მეუღლე შშმ პირი მყავს, ერთი თეფში მოცვი თუ მოგიტანიათ, ავადმყოფი გყავს და მოგიკითხეთო? -ცხარობდა ელიკო კალანდაძე.
_რატომ მოგიტანო მუქთად? მოდი იმუშავე და წაიღე. ან 20 თეთრად რატომ მოგყიდო? ჩემია, თუ მინდა ათ ლარად მოგყიდი და სულ არ მოგყიდი, ესეც ჩემი ნებაა. არ შეხვედი თავზე? _ გაბრაზებული, რუსული აქცენტით ედავებოდა კახა ზამთარაია ელიკო კალანდაძეს. საუბარში კი მამა ეშველებოდა , დიდხანს ცხოვრობდა რუსეთში და ქართულად საუბარი უჭირსო.
კარგა ხნის კამათის და ხმაურიან დაპირისპირების შემდეგ, ელისო კალანდაძე დარწმუნდ, რომ დავამ , რომელიც მრავალი წლისმანძილზე გრძელდება, აუცილებელია სასამართლოში გადაინაცვლოს, თუმცა მან განაცხადა, რომ საამისო სახსრები არ გააჩნია.
_წაბრძანდით, მიმართეთ სასამართლოს და რაც დაგჭირდებათ ამ პროცესში, ხარჯებს ჩვენ გადაგიხდით, – უთხრა მას კახა ზამთარაიამ.
ელიკო კალანდაძემ ასევე აღნიშნა, რომ მან საგანგებო წერილით ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს საქართველოს პარლამენტში, არჩილ თალაკვაძეს და უმრავლესობის ლიდერს, გიორგი ვოლსკის მიმართა, თუმცა დღემდე პასუხი არ მიუღია.
ამავე თემაზე: “მიწის შვილს მიწას მართმევენ “საჰაერო თავდასხმით მზომავი” მძარცველები!”