პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქართველი ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში ეტაპობრივად, დადგენილი გრაფიკის მიხედვით გაგრძელდება. მისი ინფორმაციით, ხელისუფლებამ სამშობლოში უკვე 5000-ზე მეტი ემიგრანტი ჩამოიყვანა.
„ქართული სახელმწიფო თავისი ემიგრანტებისთვის აკეთებს გაცილებით მეტს, ვიდრე ამას აკეთებენ ჩვენზე გაცილებით ძლიერი, მათ შორის ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოები. ამასთან დაკავშირებით, დღეს ბრიფინგი გამართა საგარეო საქმეთა მინისტრმა. დავით ზალკალიანმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ეტაპობრივად ქართველი ემიგრანტების დაბრუნება სამშობლოში. ისაუბრა ასევე, თუ როგორ ხდება უცხოეთში მყოფი ადამიანების დახმარება ტექნიკური საშუალებებით, საკვები პროდუქტებით, ბინით უზრუნველყოფა. ჩვენი საელჩოები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ამ საკითხებზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ემიგრანტების ოპტიმალური რაოდენობა ჩამოიყვანოს და მოხდეს მათი დაბინავება საკარანტინო პირობებში.