ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმის თანახმად, სწრაფი ტესტით ანტისხეულებზე სკრინინგი ჩაუტარდებათ ორგანიზებულ ჯგუფებსა და თავშეყრის ადგილებში მყოფ პირებს. იმ პირთა წრეზე, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტირება სხვადასხვა მეთოდით უნდა ჩაუტარდეთ, საუბარია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის პირველი აპრილით დათარიღებული ბრძანების დანართში.
ჯგუფებს შორის, რომელთაც სწრაფი ტესტებით სკრინინგი უნდა ჩაუტარდეთ, დასახელებულნი არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, ხოლო თავშეყრის ადგილების ჩამონათვალი, სადაც სკრინინგი უნდა ჩატარდეს, ასეთია: მონასტრები, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები და სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებები.
„უსიმპტომო პირებს უტარდებათ სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით, პარალელურად შესაძლებელია ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებაც. თუ ორგანიზებულ ჯგუფებთან მყოფ პირებს დაუდგინდებათ ინფექცია, ისინი განიხილებიან, როგორც სავარაუდო კონტაქტები და მიეცემათ თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი“, – ნათქვამია დოკუმენტში.
სწრაფი ტესტირება უტარდება მაღალი რისკის კონტინგენტსაც, ამ კატეგორიაში განიხილება შემდეგი პრიორიტეტული ჯგუფები:
თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები.
სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის (კარანტინი) განკუთვნილ 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ COVID-19-თვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები.
სიმპტომური პაციენტები მაღალი რისკის ზონებიდან.
პირები სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან (კლასტერი = 2 ან მეტი ადამიანი სპეციფიკური სიმპტომებით).
უსიმპტომო პირები, მაღალი რისკის ჯგუფებიდან სტრატეგიულ ობიექტებში, მათ შორის, უსიმპტომო მედპერსონალს ადგილზე უტარდება სწრაფი ტესტი ანტისხეულებზე.