„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. აღნიშნული ცვლილებები უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეში. დოკუმენტში საუბარია თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში შესვლისა და გასვლის შეზღუდვაზე.
„აიკრძალოს თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში შესვლა და ამ მუნიციპალიტეტებიდან გასვლა. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ეხება: სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას; საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს; საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას; ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას; ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას; ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების/გადაცემის/განაწილების/მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას; სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას; მედიასაშუალებების წარმომადგენელთა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას; სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულის გადასვენება/დაკრძალვა); საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას; კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას; საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად“, – აღნიშნულია დადგენილებაში.
ამასთან, დაკეტილ ქალაქებში შესვლა არ ეკრძალებათ ამ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს. ასევე, გასვლა არ ეკრძალებათ სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს.
შეზღუდვა 15 აპრილის 21:00 საათიდან ამოქმედდება.