მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში უწევს ცხოვრება, ფაქტია, რომ არა ერთი ოჯახი დარჩა ელემენტარული შემოსავლის გარეშე.
როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციებიდან ვიგებთ, ხელისუფლების წარმომადგენლები ასობით ოჯახში იმყოფებოდნენ და მოსახლეობის შეჭირვებულ კატეგორიას სურსათ-სანოვაგით დაეხმარნენ. თუმცა, როგორც ირკვევა, ამ ფაქტისადმი განსხვავებული მიდგომა აქვთ ოპოზიციაში _ ისინი მიიჩნევენ, რომ მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა შერჩევით მოხდა და ამასთან დაკავშირებით კითხვებიც აქვთ. კერძოდ, საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით სათავისოდ სარგებლობს და სიტუაციას პარტიული ინტერესების სასარგებლოდ იყენებს. დეტალებზე საუბარს კი ასკურავა სამომავლოდ აანონსებს:
“ძალიან სამარცხვინო და საგანგაშო კონკრეტულ ფაქტებს მიყვებიან ლანჩხუთის მერიის მიერ გაცემული ე.წ. დახმარებების შესახებ. ახლა არაა ამის არც დრო და არც _ სიტუაცია, მაგრამ გარწმუნებთ, ძალიან მალე დაგილაგებთ კონკრეტულ ფაქტებს, თუ როგორ მოიცალეთ, ამ ურთულეს პერიოდში, რაღაცეები საკუთარი და პარტიული ინტერესების სასარგებლოდ ხლართოთ”, _ წერს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი.
საკრებულოს წევრის ამ პათოსს მისი თანაფრაქციელი ლელა ჩახვაძეც იზიარებს, რომლის თქმითაც, ხელისუფლება, ფაქტობრივად, წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს:
“გაგანია წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ეს მართლა სამარცხვინოები. სწორედ გაჭირვებულებს რომ არ დაეხმარნენ და “ოცნების” მომხრეებს დაურიგეს დახმარება, ამაშია საქმე”.
ოპონენტების მხრიდან გაჟღერებულ ამ ბრალდებას მმართველი გუნდის წევრი და ლესის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჭიჭინაძე პასუხობს _ ჭიჭინაძე ამბობს, რომ გვარ-სახელების დასახელებაც შეუძლია, ვისაც გაეწია დახმარება და მათ შორის უმეტესობა “ოცნების” მომხრე რომ არაა, ადვილად დარწმუნდებიან ოპონენტები. “როცა ადამიანს გარეთ გასვლა არ შეუძლია, ელემენტარული დახმარება მისთვის ბევრს ნიშნავს. საკუთარი სახსრებით (ნეტავ, ბევრი მქონდეს) რაც შემეძლება, დავეხმარები, ვისაც უკიდურესად უჭირს. არ ვარჩევ პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვით _ ამ დროს ეს უზნეობად მიმაჩნია. ურთულესი დრო დაგვიდგა, რა დროს არჩევნებზე ფიქრია. და საერთოდ, რა მარაზმია, ორი ლუკმას უწილადო ადამიანს და იმაზე ატეხო პოლიტიკური დებატები”, _ პასუხობს ოპოზიციის წევრთა მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს მმართველი გუნდის წევრი.