გურიაში ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოზურგეთის წითელი ჯვრის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, აქცია მარტოხელა ხანდაზმულების დასახმარებლად გაიმართა, რომელშიც გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასთან ერთად ჩაერთო.
მათ, წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, საკვები პროდუქტები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს მიუტანეს. “მინდა მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, „წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებს“, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის დროს მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენენ.
მოვუწოდებ ჩვენი რეგიონის მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ, როგორც თავიანთ ასევე, სხვის ჯანმრთელობას და დარჩნენ სახლში. ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება,“- განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. აქციის განხორციელებაში ჩართულია მაღაზიათა ქსელის “მაგნიტი” სამივე ფილიალი, “მოდერნი” და “ჩემი მარკეტი”. მომხმარებლებს საშუალება აქვთ გამოხატონ სოლიდარობა და ხანდაზმულებისთვის შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი, საქართველოს წითელი ჯვრის მიერ შემუშავებული საჭიროებების სპეციალური სიიდან და მონაწილეობა მიიღონ ქველმოქმედებაში.(R)