დღეს, ოზურგეთის ბაზრის აგრარული ნაწილიც გაიხსნა, რომელიც გაღმა მხარეს ე.წ. „ბაზრისწყალის“ ხიდით უკავშირდება. ახლა, როცა ჯებირიც აიღეს და ნაგვით სავსე მდინარე და ასევე, არსებული ხიდის რეალური მდგომარეობა გამოჩნდა.
აღნიშნულ ხიდზეც დახლები იყო განლაგებული და იატაკად ათასგვარი ხარახურა იყო გამოყენებული, რომლის გამოჩენამაც მოქალაქეები გაკვირვებული დატოვა.
ახლად გახსნილ აგრარულ ბაზარში, პერსონალს, როგორც აქ გვითხრეს, თერმოსკრინინგი ჩაუტარდა.
ჯერჯერობით, ბაზარში როგორც მყიდველთა, ისე გამყიდველთა ხალვათობაა. გამოტანილი აქვთ მცირე რაოდენობით აგრარული პროდუქცია, რძის ნაწარმი და თამბაქო.
ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, გურიის მხარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
„ საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, ოზურგეთში ღია ტიპის აგრარული ბაზარს სამუშაოს განახლების უფლება მიეცა. დღეს ოზურგეთის აგრარული ბაზარი გაიხსნა. გახსნის გადაწყვეტილება სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული. ამჯერად მუშაობის საშუალება მიეცა ბაზრის აგრარულ ნაწილს, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე რემონტი და დახლების რესტავრაცია გრძელდება. ბაზრის შესასვლელში მიმდინარეობს მოქალაქეთა თერმოსკრინინგი და ბაზრის ადმინისტრაცია, ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, მომხმარებლებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ. აგრარულ ბაზარში მონიტორინგის მიზნით გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსთან მანანა ერქომაიშვილთან ერთად იმყოფებოდა“
. „ საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, რეგიონში არსებულ ბაზრებზე მონიტორინგი ხორციელდება. ბაზარში მოქალაქეები იცავენ სოციალურ დისტანციას, ტარდება თერმოსკრინინგი. მერიის შესაბამისი სამსახურები ყოველდღიურად შეამოწმებენ აღნიშნულ პროცესს“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.