დღეიდან, თვითდასაქმებულები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე.
თუმცა ,,გურია ნიუსთან“ საუბარში ადამიანები ამბობენ, რომ საიტზე ვერ შედიან და ვერც ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე რეკავენ, ასევე ვერც შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზს უკავშირდებიან, რადგან დარეკვისას ზარი ავტომატურად ითიშება ან კიდევ დაკავებაა.
,,გურია ნიუსი“ აღნიშნული საკითხის გასარკვევად ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.
უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმოამდგენელმა, ნინო ტალახაძემ გვითხრა, რომ საიტი იტვირთება და რეგისტრაცია მოგვიანებით იქნება შესაძლებელი, რაც შეეხება ცხელ ხაზს, გადამოწმებას და ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდა, თუმცა რამოდენიმეჯერ დარეკვის მიუხედავად ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
“გურია ნიუსი” უწყების პასუხს მიღების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.
ჩვენ ასევე შემოსავლების სამსახურს დავუკავშირდით, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლმა განგვიცხადა, რომ ცხელი ხაზი ჩვეულებრივად მუშაობს, შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი რეკავს და ამიტომ არის მუდმივად დაკავებული.
მისი თქმით, ადამიანებს, ასევე შეუძლიათ მაილზე მიწერონ შემოსავლების სამსახურს და მიიღონ პასუხი.