ამჟამინდელი მდგომარეობით, გვაქვს აღებული ორიენტირი, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ივლისში ჩატარდეს, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე არც ფორმატის და არც თარიღის ცვლილება არ განიხილება.
„ამ ეტაპზე აღებული გვაქვს ისეთი ორიენტირი, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ივლისში ჩატარდეს. ამ ეტაპზე ფორმატისა და თარიღის ცვლილება არ განიხილება. ერთადერთი, რაც შეიძლება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შეიცვალოს, გამოცდებმა შესაძლოა აგვისტოსკენ გადაიწიოს და ეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მოხდება. ივნისში გამოცხადდება კონკრეტული თარიღები და ფორმატი. რასაკვირველია, ამ თემაზე ცალკე პრეზენტაცია გვექნება. ივნისში უფრო ნათლად გამოჩნდება, როგორი რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი იქნება დასაცავი, ვინაიდან ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით უფრო ნათელი და მკაფიო სურათი გვექნება. თუმცა ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეულ საგამოცდო ოთახში 10-ზე მეტი აბიტურიენტი არ იქნება. ყველა სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, რადგან ჩვენი მთავარი კრიტერიუმი ყველა აქტივობაში, მათ შორის ეროვნული გამოცდების შემთხვევაში, არის ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა“, – განაცხადა ჩხენკელმა.
წყარო:იმედინიუსი