ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში ეხმაურება:
„ნიკოლოზ ბასილაშვილის შემთხვევამ ყველა შეძრა. ბრალდება – ქალის მიმართ ძალადობა, ნებისმიერ შემთხვევაში, რეპუტაციული რისკია.
ვფიქრობ, მედიას და ყველას, მმართებს ჩვეული ტონალობისგან საქმის ფრთხილი გაშუქება. ვინაიდან საქმე საჯარო ინტერესის მატარებელია, ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მედიის მუშაობას თემაზე. მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა, მეორე მხრივ უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვა.
საქმის ბედი უნდა გადაწყვიტოს მხოლოდ მტკიცებულებებმა. მიუკერძოებელ სასამართლოს კონკრეტული პასუხისმგებლობა აკისრია – გაამართლოს ნდობა და მართლმსაჯულების განხორციელების დროს, არ მოხდეს უდანაშაულო ადამიანის მსჯავრდება და არც მომჩივნის უფლების ხელყოფა. ვინაიდან ჩვენში შერიგება სამართლიანად არ გააჩნია ოჯახურ დანაშაულებს, ამ საქმის მიმართ უნდა არსებობდეს მაღალი სტანდარტის მართლმსჯაულება, ვინაიდან კითხვები არ დარჩეს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ.
ირმა ჭკადუა შესანიშნავი მოღვაწეა, რომელსაც ყველა ჩვენგანზე მეტად შეუძლია დაიცვას სიმართლე. რა თქმა უნდა, უნდა გაირკვეს სიმართლე, რასთან გვაქვს საქმე – სავარაუდო დანაშაულთან თუ მორალური/მატერიალური ზიანის ანაზღაურების პერსპექტივასთან.
ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად შეფასდეს რეპუტაციული რისკები და მასზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება”,_ წერს კაიკაციშვილი.
შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელი ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს.
პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ 100 000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა შეუფარდა.