„კორონავირუსმა შეცვალა ჩვენი ცხოვრების წესი და რა თქმა უნდა, პირბადის ტარება გარკვეულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. მესმის, რომ ადამიანები, რომლებიც ამას მიჩვეულები არ იყვნენ, გარკვეულ დისკომფორტს განიცდიან”,_ ამის შესახებ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
იმნაძის განმარტებით, თუ პირბადის ტარება ადამიანის პროფესიულ ვალდებულებას არ წარმოადგენს, მან უნდა ატაროს პირბადე მაღაზიაში, ტრანსპორტში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
“არა მგონია, რომ ეს დღეში მას 2-3 საათს აღემატებოდეს. ლაბორატორიის მუშაკები და ექიმები არა პირბადით, არამედ რესპირატორით მუშაობენ და მას აქვს გარკვეული მოხმარების ვადა. მოცემულ სიტუაციაში ამ ვადების დარღვევაც უწევთ და გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში ატარებენ რესპირატორს. ქირურგები ჩვეულებრივ სამედიცინო ნიღაბს ატარებენ და ოპერაციების დროს საათობით არ იხსნიან მას. რიგით მოქალაქეებს არ მოეთხოვებათ სამშრიანი სამედიცინო ნიღბების ტარება. არსებობს ერთ და ორშრიანი ნიღბები, ბაზარზე მოიპოვება ერთჯერადი და მრავალჯერადი ნიღბები.
სანამ ჩვენ არ გვექნება იმის გარანტია, რომ ვირუსი ფართო გავრცელებას არ მიიღებს, წინასწარ ვერ გავიგებთ, ვინ არის ავად და ვინ – არა, ამიტომ უნდა შევწუხდეთ და ვატაროთ ნიღბები, იქ სადაც არსებობს რისკი, რომ ვიღაც გავხადოთ ავად“, – განაცხადა იმნაძემ.