დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არავინ იცის როდის და სად იჩენს თავს კორონავირუსი, ამიტომ ყველა, ვისაც ტემპერატურა 37 და მეტი ექნება, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, შესაძლო ინფიცირებულად უნდა ჩავთვალოთ.
„რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა ადამიანი იქ, სადაც შეიძლება, „კოვიდის“ შესაძლო შემთხვევა იყოს. გთხოვთ, ასეთად ჩათვალოთ თქვენ ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანი, თქვენი ოჯახის ყველა წევრი, თქვენი ნაცნობი, ვისაც კი ექნება ტემპერატურა 37 და მეტი, ხველა, სუნთქვის გაძნელება და რესპირაციული სიმპტომები, უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან 112-ზე დარეკოს, მოიქცეს მისი რეკომენდაციების მიხედვით. საჭიროა ყველა ამ სიმპტომის მქონე ადამიანმა ჩაიტაროს „კოვიდზე“ გამოკვლევა ლაბორატორიულად, „პისიარ“ ტექნოლოგიებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, მოქალაქეს ასევე შეუძლია, მიმართოს ე.წ. ცხელების კლინიკებს.
„თუ თქვენ არ გნებავთ ექიმთან დარეკვა, შეგიძლიათ, მიმართოთ ცხელების ნებისმიერ კლინიკას და იქ ჩაგიტარდებათ „პისიარ“ ტესტი, 24 საათში გეცოდინებათ პასუხი. ჩვენ გადავდივართ ამბულატორიულ ტესტირებაზე და არ არის აუცილებელი, დარჩეთ, თუ, რა თქმა უნდა, სტაციონარში მოთავსების კლინიკური ჩვენება არ იქნება. ის წავა მხოლოდ სახლში, სხვაგან არა. თუ უარყოფითი იქნა ტესტი, თავისუფლად აგრძელებს ცხოვრებას, თუ დადებითი, გადაიყვანენ „კოვიდის“ კლინიკაში, ხოლო მისი ოჯახის წევრები იქნებიან იზოლირებული კარანტინში და შემდგომ გამოკვლეული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა ისიც, რომ სიმპტომების დროს უმრავლეს შემთხვევაში შეიძლება, „კოვიდი“ არ იყოს, მაგრამ ეჭვის მიტანა საჭიროა.