“არ მწყენია. გამიკვირდა. არავინ ჩარეულა მათ თავისუფლებაში, უნდოდათ გადასვლა და გადავიდნენ სხვა ტელევიზიაში”, _ ამის შესახებ ტვ პირველის მფლობელმა ვატო წერეთელმა განაცხადა.
წერეთლის თქმით, ისინი არხიდან არავის გაუშვია.
“ეკრანიდან არ გამიგია, რომ პოლიტმეტრი ტოვებდა “ტვ პირველს”, თუმცა ეპილოგით მაინც გაოცებული ვარ. არ მწყენია. გამიკვირდა. არავის გაუშვია ნინო და ვახო არხიდან და არც არავინ ჩარეულა მათ თავისუფლებაში, უნდოდათ გადასვლა და გადავიდნენ სხვა ტელევიზიაში. წარმატებებს ვუსურვებ მათ ,,ფორმულაზე”. მე კი ველოდები ახალ შემოტევებს “ტვ პირველის” წინააღმდეგ. ყოველთვის ვიამაყებ ჩემი ტელევიზიის თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით, დანარჩენს მაყურებელი თავად ნახავს.
ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა, ასევე „პოლიტმეტრის“ ხუთკაციანმა სარედაქციო ჯგუფმა, ტელეკომპანია „პირველი“ დატოვეს. როგორც ჟიჟილაშვილმა განმარტა, ამის მიზეზი არხის განვითარების პროცესია, სადაც მათი ხედვები აღარ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს.
„ჩვენ ამ არხზე, თითოეულ ნაბიჯზე ვიღებდით პასუხისმგებლობას, რაც სამწუხაროდ, ახლა უკვე აღარ გამოგვდის. ძალიან მარტივად და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს ის, რაც ჟურნალისტური სტანდარტის, გემოვნების და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით „ტვ პირველზე“ ხდება. არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით“, – თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა „პოლიტმეტრის“ დასასრულს.
ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ მაყურებელი „პოლიტმეტრს“ აუცილებლად იპოვის სხვა სივრცეში, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ „ფორმულაზე“ გააგრძელებენ თუ არა მუშაობას, _ აცხადებს ვატო წერეთელი.