რუსი დეპუტატი სერგეი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ სიმამაცე, რომელიც თან სდევს ქართველ ხალხს, არ უნდა აკლდეს მათ პოლიტიკოსებს და იმედოვნებს, საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას რევანშისტი-გადამტრიალებლების გეგმების გასანადგურებლად.
“ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას იმისთვის, რომ საბოლოოდ გაანადგუროს რევანშისტი-გადამტრიალებლების გეგმები. ჩვენ არ ველოდებით ბოდიშებს, მაგრამ ვთვლით, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა, ჩვენი საუკუნოვანი ურთიერთობის დანგრევის მცდელობაში დამანაშავე პროვოკატორებმა პასუხი აუცილებლად უნდა აგონ.
ვფიქრობ, რომ საჭიროა პატარა ნაბიჯის გადადგმა, რათა ჩვენი ძმობისა და სოლიდარობის გამოხატვა არა კულუარულად და დაფარულად, არამედ ღიად ხდებოდეს. სიმამაცე, რომელიც თან სდევს ქართველ ხალხს, არ უნდა აკლდეს მათ პოლიტიკოსებს. მე მწამს ჩვენი მომავლის, ჩვენ შევძლებთ ერთმანეთთან სტუმრად მისვლას, ჩვენი “დინამოების” გულშემატკივრობას, ერთად ტრაპეზის მიღებასა და ერთად ლოცვას, ჩვენი საერთო მომავლის აშენებას, ერთად ვუზრუნველყოფთ საფრთხეებისგან დაცვას პანდემიიდან დაწყებული ტერორიზმამდე“_ აცხადებს გავრილოვი.
ოკუპანტი ქვეყანის დეპუტატი საქართველო-რუსეთის დაძაბულ ურთიერთობაში აშშ-ს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქვეყნების “ძმური” თანაცხოვრებისთვის საჭიროა საქართველომ ოკეანისმიღმიდან თავსმოხვეულ ფობიებს და მტრულ შტამპებს დააღწიოს თავი.
შეგახსენებთ, ერთი წლის წინ, 20 ივნისს, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა პარლამენტის შენობაში გაიმართა, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე მჯდომი გავრილოვის ხილვამ საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.
პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პოლიციამ ღამით ცრემლმდენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.
ხელისუფლების განცხადებით, აქციის ძალადობრივი მეთოდით დაშლის მიზეზი, აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილის მხრიდან მოსალოდნელი პარლამენტის შტურმი გახდა.