ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ამერიკულმა ვებ გვერდმა საინტერესო კვლევა ჩაატარა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები რა სახის დამოკიდებულებით გამოირჩევიან ავტომობილის მიმართ.
აღმოჩნდა, რომ იმის მიხედვით, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნითაა დაბადებული “მძღოლი”, განისაზღვრება ის, თუ რამდენად უსაფრთხოა ამ ადამიანის გვერდით მგზავრობა სხვებისთვის.
ყველაზე დინჯი, კანონმორჩილი და დაკვირვებული მძღოლების სიაში მოხვდნენ თხის რქები. ამ ადამიანებს ხასიათში თანდაყოლილი დისციპლინისკენ მიდრეკილება ყოველთვის კარგ სამსახურს უწევს მათ იმ დროს, როცა საჭესთან სხედან. თხის რქა ყოველთვის იცავს წესრიგს და იშვიათად ცდილობს მრავალსაათიან საცობებშიც კი, დანიშნულების პუნქტამდე საგზაო ნიშნების დარღვევით გაიკვალოს გზა.
არანაკლებ კარგი მძღოლები არიან მიწის სტიქიის კიდევ ერთი წარმომადგენლები – ქალწულები. ქალწული დეტალიზაციის უზადო ნიჭითაა დაჯილდოებული, ამიტომ ასეთ ადამიანს უმცირესი წვრილმანიც არ გამორჩება მხედველობის არედან. სწორედ ამ თვისებას უნდა უმადლოდნენ ისინი იმას, რომ ძალზე ხშირად ახერხებენ ავარიული სიტუაციებიდან თავის დაძვრენას, მით უმეტეს, როცა ამ მხრივ მათი დანაშაული არაფერია.
ქალწულის კიდევ ერთი სახასიათო თვისება – სხვებზე ზრუნვის საოცარი უნარია. ამიტომ ასეთი ადამიანები ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან მგზავრებს საკუთარ მანქანაში და მაქსიმალურად ზრუნავენ ამ უკანასკნელთა უსაფრთხოებაზე.
მესამე საპატიო ადგილი რაც უნდა გაგიკვირდეთ, საკუთარი თავქარიანობით განთქმულმა ტყუპებმა დაიკავეს. ტყუპი ზოდიაქოს მესამე სახლის მმართველია, რომელსაც, თავის მხრივ, ტრანსპორტის თემის “კურირება” ევალება.
ამიტომ რეალურ ცხოვრებაში მოუსვენარი და ცვალებადი ტყუპი ავტომობილის მართვისას გასაოცარ ოსტატობასა და გამჭრიახობას ავლენს. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ხალხი ხელის გასაოცარი მოქნილობით გამოირჩევა. ამიტომ ავარიული და სახიფათო სიტუაციებიდან “მშრალად გამოძვრომა”, როგორც წესი, არც ერთ ტყუპს არ უჭირს.