“სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ნიკა მაჭუტაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ შემოქმედის ზარზმას დროული დახმარება ჭირდება.
“გურიაში გახლდით, შემოქმედის მონასტერში, ძველი ფრესკების გადაღება მინდოდა – სერაპიონ და ბესარიონ შემოქმედელი მიტროპოლიტების, მეთექვსმეტე საუკუნეების მოღვაწეების – ცნობებით, შემოქმედის ზარზმაში უნდა ყოფილიყო გამოსახულებები, მიმეჩქარებოდა, მიმიხაროდა… თან, ვღელავდი, არ ვიცოდი, რა დამხვდებოდა, რა მდგომარეობა იქნებოდა…
გურიაში ბევრი დააქციეს ეკლესიები, მონასტრები, კოშკები, ციხეები, სასახლეები, ისტორიის ნიშან-წყალი უნდოდათ ამოეძირკვათ – ფიზიკურადაც, ხალხის მეხსიერებიდანაც. როგორც მთელს ქვეყანაში, მაგრამ გურიაში განსაკუთრებით… ნაწილობრივ მიაღწიეს კიდევაც. სასწაულებრივადაა გადარჩენილი შემოქმედის, ჯუმათის, ჯიხეთის, ლიხაურის, ერკეთის ტაძრები; ლიხაურის და ასკანის ციხეები, გორა-ბერეჟოულის ციხე-დარბაზი. სულ რამდენიმე ძეგლი, სულ რამდენიმე. ხელის თითებიც კი გეყოფა ჩამოსათვლელად, ერთ რიგზე ჩამოთვლი, მიბრუნებაც არ დაგჭირდება.
დიმიტრი ბაქრაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, სხვაც ბევრი წერს, შემოქმედში პირველ მღვდელმთავართა ფრესკული გამოსახულებებია, ქტიტორთა გალერეაში – გურიელი გიორგი და დედოფალი ელენე, ძველ წარწერათა ინტერვალით იქვეა ასევე ქტიტორ მღვდელმთავართა სერაპიონ და ბესარიონ მაჭუტაძეთა ფრესკებიო.
წარმოიდგინეთ, მოლოდინი და მღელვარება, შემოქმედის კათედრალისკენ რომ მიმყვებოდა წინაპართა ფრესკული სახეების ხილვისათვის. სიხარულიც და შინაგანი მხურვალებაც, და შიშიც ერთგვარი – ლეიოტმოტივად რომ გაიფონებდა ყველა ამ განცდისა და განწყობილებათა ქსოვილში.
კრძალულებით ავედით. თან ზუსტი აღწერილობაც წავიყოლე – დიმიტრი ბაქრაძის “არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში”, ფოტოგრაფიული სიზუსტით რომ აღწერს ყველა წარწერას, ყველა ქარაგმას, ყველა ნიშანს და ჩუქურთმას, ყველა ბარელიეფს, ყველა საფლავებს, ყველა გამოსახულებას და მხატვრობას – ერთმანეთის მიყოლებით, გამოუტოვებლად, გამოურჩენლად, სანტიმეტრულ დაშორებებსაც რომ გაზომავს, განბჭობს, გადმოგცემს.
შიში აღსრულდა – უკანასკნელი წლებია წვიმა ჩამოდის თურმე შემოქმედის ზარზმაში, უნიკალური მხატვრობა მოსცვივა, სახეები ფერმკრთალდება და საერთოდაც იშლება, კედლები წყლით იჟღინთება, პერანგს ალპობს ტაძრისას, ფერებსაც ახუნებს, შლის აცამტვერებს ფრესკებს, აქა-იქ შემორჩენილი ცალკეული ნაწილებიღა თუ მიგანიშნებს მხატვრობის კვალზე.
ითხოვენ მონასტრის მესვეურები შველას, დახმარებას, სპეციალისტების ჩართვას, რესტავრაციას, კონსერვაციას, გადარჩენას… არსით ხმა და არც ძახილი ამის პასუხად. ფუჭი, ცრუ, გულისამრევი დაპირებანი და მეტი არაფერი და ისიც, მხოლოდ საარჩევნო ციკლების ტრიალისას, მხოლოდ მაშინღა თუ ადიან გურიის მთავარ კათედრალზე, სელფებისა და ჯგუფური ფოტოების გადასაღებად, წინასაარჩევნო პლაკატებზე გამოსაფენად.
რაც ბოლშევიკების ლენინურ, სტალინურ და ტროცკისტულ დამკვრელობას გადაურჩა, წვიმა ანადგურებს, მშობლიური წვიმა – რომელიც გვიყვარს და გვახალისებს, მაგრამ ნეობოლშევიკების ხელისუფლებაში მობრუნებით, ქვეყნის უპატრონობით, მხოლოდღა საშოვარზე, უკანონო საშოვარზე გადაგებით და პირად კეთილდღეობაზე ზრუნვით ჩვენი კულტურის, ისტორიის და მომავლის მტრად გადაქცეულა.
სასწრაფო შველა შემოქმედის ზარზმას! სასწრაფო მოქმედებებია სასიცოცხლოდ აუცილებელი!“ – წერს სოციალურ ქსელში ნიკა მაჭუტაძე.