„მეტის ღირსი არ ხართ მორჩილაძის ქუჩაზეო…“-წერს სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელი, რომელიც ნათია დათოს სახელითაა რეგისტრირებული და იქვე ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ქუჩის მხოლოდ მცირედ ნაწილზეა ასფალტის საფარი დაგებული.
„სათქმელი რომ ქონდეთ ყველა ქუჩაზე დავაგეთ ასფალტიო, ეგრე გააკეთეს ყველა ჩიხის შესასვლელებში… მორჩათ და წათხაპნეს… ვაი, სირცხვილი… დაზოგეს თანხები და ალბათ სხვა კეთილ საქმეს მოახმარენ… ნელნელაა აკეთებენ, აცადე… რა კეთდება ნორმალურად?! სანიღვრე ჩაგვიწყვეს ჩიხში და მთავარი გზა მიაქ ჭაობს. პატრონი კიდე არავინ გვყავს. აი, ასეთი ხალხია ჩვენს მთავრობაში…“- ასეთია მოქალაქეთა კომენტარები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოსთან მიმართებაში.
ლანჩხუთის მერიაში „გურია ნიუსის“ კითხვის პასუხად განმარტავენ, რომ მორჩილაძის ქუჩის ნაწილზე ასფალტის საფარის დაგება მაშინ მოხდა, როცა მიმდებარე აღმაშენებლის ქუჩაზე განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
„ეს აღმაშენებლის ქუჩაზე, რომელიც ავტობანს უკავშირდება, როცა ჩატარდა სამუშაოები მაშინ მოხდა. ჩვენი, ადგილობრივი ბიუჯეტით, ეს არ გაკეთებულა. აღმაშენებლის ქუჩა კი სახელმწიფო პროექტია. ჩვენ არ ვაფინანანსებთ. მორჩილაძის ქუჩაზე კი პირველ რიგში სანიაღვრე სისტემა მოწესრიგდება და შემდეგ დაიგება ასფალტი“- გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა სულაბერიძემ.