1944 წლის გაზაფხულზე მოკავშირეთა ჯარები ევროპის კონტინენტზე აპირებდნენ შეჭრას. ამ ჯარების ხელმძღვანელობა დავალებული ჰქონდა ინგლისელ ფელდმარშალ მონტგომერის. გერმანიის დაზვერვამ იცოდა ამის შესახებ და თვალს ადევნებდა მარშალის ყოველ ნაბიჯს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ჩერჩილმა შეიტყო, რომ მსახიობი კლიფტონ ჯეიმსი ძალიან ჰგავდა მონტგომერის. ჩერჩილმა მოითხოვა სასწრაფოდ მოეყვანათ მასთან მსახიობი.
მსახიობისა და პრემიერის შეხვედრის შემდეგ ინგლისელთა დაზვერვის გეგმაში გაჩნდა ახალი ოპერაცია – “ჯეიმს – მონტგომერი”. ერთი თვის განმავლობაში ჯეიმსი შოფრის ტანსაცმელში გამოწყობილი ატარებდა მონტგომერის. სწავლობდა მის ჟესტებს, ზნე-ჩვეულებებს, ლაპარაკის მანერას. ამ დროს ორეული ხშირად ხვდებოდა ერთმანეთს ერთ მიტოვებულ სასახლეში.
– როგორ იქცევით თქვენ მაგიდასთან? – ეკითხებოდა ფელდმარშალს ჯეიმსი.
– როგორც ყველა ადამიანი, – პასუხობდა ფელდმარშალი, – მხოლოდ ხორცსა და თევზს არა ვჭამ, სასმელებს არ ვსვამ და არ ვეწევი.
1944 წლის 26 მაისს ლონდონის ერთ-ერთი მდიდრული სახლის სადარბაზოსთან გაჩერდა შავი ლიმუზინი. სახლიდან ოთხი მამაკაცი გამოვიდა, მათ შორის იყო “ფელდმარშალი მონტგომერი”. მგზავრები ჩასხდნენ მანქანაში და აეროდრომისაკენ გაეშურნენ.
“ფელდმარშალი” და მისი თანმხლებნი პირნი ტრაპით ავიდნენ თვითმფრინავში, რომელიც ჩერჩილის მიერ იყო გამოგზავნილი მათ განკარგულებაში. თვითმფრინავი აფრინდა და აიღო კურსი გიბრალტარზე. სულ მალე თვითმფრინავი დაჯდა გიბრალტარის აეროდრომზე. “ფელდმარშალმა მონტგომერიმ” მიიღო გარნიზონის პარადი, ისაუზმა ოფიცრებთან ერთად და გაემგზავრა ალჟირისაკენ. არავის შეპარვია ეჭვი, ვერაფერი შენიშნეს ფელდმარშალის ძველმა მეგობრებმაც. დიდი ზეიმით მიიღეს ალჟირშიც. თვითმფრინავის ტრაპთან მიაყენეს თეთრი “კადილაკი”. ქალაქისაკენ “ფელდმარშალს” ამერიკის არმიის თოთხმეტი მოტოციკლეტის ექსკორტი აცილებდა.
გერმანელი აგენტები ფეხდაფეხ მისდევდნენ “ფელდმარშალს” და აგზავნიდნენ ცნობებს ალჟირიდან.
“მონტგომერი ალჟირშია. აქედან გადმოსხამენ მოკავშირეთა ჯარებს ევროპულ კონტინენტზე”.
1944 წლის 5 ივლისს ღამით დაიწყო მოკავშირეთა ჯარების შეჭრა საფრანგეთში. ბრიტანეთის ძალებს მონტგომერი ხელმძღვანელობდა. ამ ოპერაციის დასაწყისი იყო აგრეთვე ოპერაცია “ჯეიმს – მონტგომერის” დასასრულიც.
“ფელდმარშალი მონტგომერი”, რომელმაც ალჟირში თავისი როლი შეასრულა, კვლავ გახდა მსახიობი კლიფტონ ჯეიმსი.