ლანჩხუთის საკრებულოში ნოდარ დუმბაძის ქუჩის მაცხოვრებლებმა პეტიცია დაარეგისტრირეს ასფალტის საფარის დაგების მოთხოვნით.
როგორც პეტიციაშია აღნიშნული, 2012 წლიდან მოყოლებული, მოსახლეობა, სხვადასხვა გზით, დაჟინებით ითხოვს დუმბაძის ქუჩის მოასფალტებას და აქ არსებული მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გამოსწორებას, თუმცა, უშედეგოდ.
„წვიმის დროს მცირეწლოვნები ვერ ახერხებენ სკოლამდე მისვლას და შესაბამისად მათი განათლებაზე წვდომა შეზღუდულია; ადგილობრივ შშმ პირს არ აქვს ქუჩაში გადაადგილების საშუალება; უხარისხოდ მოწყობილი სანიაღვრე სისტემის გამო ზიანდება ადგილობრივთა საცხოვრებელი სახლები; ფერხდება ადგილობრივი ტურიზმის (საოჯახო ტიპის სასტუმროების) განვითარება; ხანდაზმულების ჯანმრთელობას ადგება ფიზიკური ზიანი,კერძოდ,რამოდენიმე მაცხოვრებელმა მიიღო ფეხის მძიმე მოტეხილობა; ქუჩის მობინადრეებს უწევთ ტაქსის მომსახურებაში გაზრდილი საფასურის გადახდა; ზიანდება მაცხოვრებელთა ავტომობილები; მოქალაქეებისთვის გაუსააძლისია ქუჩაში გამოსვლა,საავტომობილო მოძრაობის შედეგად წარმოქმნილი მტვრის გამო. რაც თავისმხრივ უარყოფით გავლენას ახდენს ამ უკანასკნელთა ჯანმრთელობაზე“, _ ვკითხულობთ პეტიციაში იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ნუმბაძის ქუჩის მაცხოვრებელთ აწუხებთ.
პეტიციის ავტორები საკრებულოს თავმჯდომარეს იქვე აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დუმბაძის ქუჩაზე ასფალტის საფარი არ დაიგება და შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ მოეწყობა, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის ლანჩხუთის მონაკვეთის სრულ ბლოკირებას მოახდენენ.