ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალის მოსაზღვრე, დვაბზუს ადმინისტრაციული ერთეულის ერთ -ერთ უბანს, “დვაბზუს ნასაკირალს” პირობითად უწოდებენ. აქ 62 კომლი ცხოვრობს, რომელიც ნასაკირალში მცხოვრები, აჭარის რეგიონიდან ჩამოსახლებული ოჯახების ნათესავები თუ განაყოფები არიან.
ახლახან, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური გამოიწვია “ნაციონალ” და “ქართული ოცნების” დეპუტატებს შორის დავამ _ დავა შეეხებოდა სხდომაზე დავით დარჩიას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას იმ ადამიანებისთვის დახმარების მიცემის თაობაზე, ვინც 2019 წელს საზღვარგარეთ იმყოფებოდა სამუშაოდ.
ასეთი პირებისთვის სამასი ლარით დახმარება “ნაციონალმა” დეპუტატებმა მოიწონეს, თუმცა, ბესო ქათამაძემ არა ერთხელ გაიმეორა, რომ მოსახლეობას უჭირს სპეციალურ პროგრამაში დარეგისტრირება, მთავრობა კი, უფრო მეტად უნდა ეხმარებოდეს მათ და ამ პროცესს ამარტივებდეს.
იმის გასაგებად, თუ რამდენად შეესაბამებოდა ეს ინფორმაცია სინამდვილეს, მოხდა თუ არა იმ პირთა სრული რეგისტრაცია, ვინც 2019 წელს უცხოეთში სამუშაოდ იმყოფებოდა, “გურია ნიუსი” ეწვია აღნიშნულ დასახლებას _ ე. წ. “დვაბზუს ნასაკირალს”. ამავე დროს, ნასაკირალის ცალკეულ უბნებში მცხოვრებთა სხვა პრობლემასაც გავეცანით.
“დვაბზუს ნასაკირალში” 62 ოჯახი ცხოვრობს.
“ჩვენ მაგ პროგრამაში დარეგისტრირება არ გვიჭირს _ აქ არა ერთხელ იყვნენ მოსული დეპუტატები _ მარი ჩხიკვიშვილი და როზეტა სკამკოჩაიშვილი. ისინი სახლებში დადიოდნენ და ყველას ეხმარებოდნენ. არ მგონია, ვინმე დაურეგისტრირებელი იყოს ამ დროისთვის. მე, პირადად, არ დავდიოდი თურქეთში სამუშაოდ. თუმცა, იყვნენ წასულები ჩემი ქმარი და მამამთილი. ისინი დარეგისტრირდნენ ამ ქალბატონების დახმარებით”, _ გვითხრა აქ მცხოვრებმა ლელა ზოიძემ.
“დვაბზუს ნასაკირალის” მკვიდრმა დარიკო ხარაბაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ, როგორც კი გამოცხადდა რეგისტრაცია, სოფელში დვაბზუს და გაღმა დვაბზუს დეპუტატები, დედა-შვილი, მარიკა ჩხიკვიშვილი და როზეტა სკამკოჩაიშვილი გამოჩნდნენ და ხალხს დარეგისტრირებაში დაეხმარნენ.
“თავად ბესო ქათამაძეც ეხმარებოდა ხალხს დარეგისტრირებაში. ასევე, მე ორი თანაშემწე მყავს და სამივე ერთად, შეუსვენებლად ვმუშაობდით ხალხის დასარეგისტრირებლად. თუ არ გჯერათ, აგერ ხართ, გაიარეთ სოფელში, საკუთარი თვალით ნახეთ, თუ ვინმეს ჩვენ გამო რამე შეფერხება ჰქონდა. პირიქით, სოციალური სამსახურიდან დამირეკეს და მითხრეს, მაქედან ხალხი აქ არ ჩამოდის, გავიგეთ, რომ აქტიურად ეხმარებითო”, _ გვითხრა ნასაკირალის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა, ოთარ ადაძემ.
“მე, პირადად, არავის დახმარება არ დამჭირვებია _ ადვილად მოვახერხე დარეგისტრირება. ვინც ვერ შეძლო, იყვნენ აქ მოსული მარი ჩხიკვიშვილი, როზეტა სკამკოჩაიშვილი და ყველას დაეხმარნენ”, _ გვითხრა აქაურმა ახალგაზრდამ, ირაკლი ხარაბაძემ.
“გასულ წელს არსად ვყოფილვარ და არც დარეგისტრირება დამჭირვებია, ჩემი ოჯახის წევრები კი დარეგისტრირდნენ. არის სხვა პრობლემები. ჩვენს უბანში წყალი არ არის. არც გზა გვაქვს. დაპირება იყო და ახლაც გვპირდებიან, მაგრამ დანაპირებს არ ასრულებენ”, _ გვითხრა “დვაბზუს უბნის” მცხოვრებმა ტარიელ ცეცხლაძემ.
“იცი, რას გეტყვით? გურულების საქმე სტალინმა ვერ გაარჩია და შემოდო თაროზე. რას ამბობს ქათამაძე, თვითონ იცის? _ ნახევრად ხუმრობით დაიწყო ჩვენთან საუბარი ადგილობრივმა ოთარ ირემაძემ, _ გაიარეთ სოფელში და ნახეთ, ბატონო, თუ არ გჯერათ. ორჯერ და სამჯერ მიაკითხეს მაგ ქალბატონებმა დასახმარებლად თითოეულ ოჯახს. მე არ დავდივარ თურქეთში და რად მინდოდა?! რომ დამჭირვებოდა, მეც დამეხმარებოდნენ”.
ნასაკირალში მერის წარმომადგენელმა ოთარ ადაძემ უწყლობის პრობლემასთან დაკავშირებით გვითხრა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მალე გამოაცხადებს ტენდერს ამის თაობაზე:
“ამ პრობლემის შესახებ ჩვენ უკვე ნაფიქრი გვაქვს. მალე გამოცხადდება ტენდერი. წყლის გამოყვანა უნდა მოხდეს ნასაკირალის წყალსაქაჩიდან. კეთდება რეზერვუარი და ცოტა უნდა დავიცადოთ _ ყველაფერი ერთად არ გაკეთდება“, _ გვითხრა მან.
ნასაკირალის ადმინისტრაციულ ერთეულში “ფაბრიკის ბინებად” წოდებულ სამსართულიან კორპუსებში, როგორც აქ მცხოვრებლებმა გვითხრეს, ყველგან დაზიანებულია სახურავი.
“დაზიანებას გააჩნია. აქ წვიმის დროს უნდა მოხვიდეთ – როგორც გარეთ, ისე წვიმს ოთახებშიც. სამივე კორპუსის სახურავი ერთნაირ მდგომარეობაშია. მე პირადად თავზე ჩამომექცა ჭერი და ოჯახიანად იქეთა კორპუსში გადავედი, სადაც შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, თუ ამას უკეთესობა ჰქვია. მარტო არჩევნების დროს მოდიან. ასე შეიძლება?! სასმელი წყალი, გაზი და შუქი კი გვაქვს. ამ მხრივ სასაყვედურო არაფერია”, _ გვითხრა ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებმა, მარინა ხინთიბიძემ.
70 წლის პენსიონერი ანაიდა კუსენკო: “შვილები სხვა ქალაქში ცხოვრობენ. მე მარტო ვცხოვრობ. გაჭირვებული ვარ, მაგრამ ჩემზე გაჭირვებულს ვეხმარები, როცა შემიძლია. ნათურაც არ მაქვს ოთახში, სატუსაღო გეგონება. ნახეთ, ყველა ფანჯარაზე “ფანერკაა” აჭედებული. ასე მძინავს. ხანდახან, მგონია, გავიგუდები”.
ანასტასია კურიკოვა: “თუ ძალიან არ მიჭირს, არავის ვაწუხებ. ეს სახურავი თუ არ შეიცვალა, აქ გაჩერება არ შეიძლება. ჩამომპალია ჭერი _ მეზობელს თავში დაეცა ჩამოცვენილი ნამტვრევები. 3 მცირეწლოვანი შვილის დედა ვარ. ღმერთმა დაიფაროს და რომ დამენგრეს თავზე ეს ჩამომპალი ჭერი, ვინ გვიშველის?! ახლაც ღმერთი გვიფარავს”, _ გვითხრა ქალბატონმა ანსტასიამ და საძინებელში შეგვიყვანა, სადაც 2 წლის პატარას დაზიანებულ ჭერქვეშ ეძინა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, ოთარ ადაძემ აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსებთან დაკავშირებით გვითხრა, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს, არავინ მივიდა მათი პრობლემის გასაცნობად.
“იქ თავად მუნიციპალიტეტის მერი, კოტე შარაშენიძე იყო მისული. დაათვალიერა კიდეც, თუმცა, ერთ დღეში არ გადაიხურება. საკმაო სამუშაოა ჩასატარებელი. ვიცი, რომ მერიაში მეორე ეტაპისთვის ელოდებიან სახურავს და ხის მასალას და მალე დაიხურება ეს კორპუსები”, _ დაგვაიმედა ადაძემ.