მრავალი წელი ლანჩხუთის სკოლა-ინტერნატში იმუშავა. მერე, როცა სკოლების შერწყმა მოხდა და მესამე და მეოთხე საჯარო სკოლებს ინტერნატიც მიუერთდა, რამდენიმე ათეული წელი ერთ ადგილზე ნამუშევარს გაუჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება, თან გაკვეთილებიც ცოტა ერგო და სკოლიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

თავადაც პედაგოგების ოჯახში გაიზარდა. დედა, დარეჯან მგელაძე ფილოლოგი იყო; მამა, ვანო ჯაში _ გეოგრაფი. ამბობს, რომ ყველაზე მეტად ამაყი მაშინაა, როცა მშობლების ყოფილი მოსწავლეები შეხვედრისას თბილად იხსენებენ მათ: “მათ შორის ბევრია საამაყო პიროვნება: დავით ასკურავა, ზამირა მშვიდობაძე, აწ განსვენებული ექიმი ტრავმატოლოგი ჯემალ გოგუაძე. ყველას ვერ ჩამოვთვლი”... გვეუბნება სვეტლანა ჯაში და თავის ისტორიას გვიყვება:
“1942 წელს დავიბადე ჩოხატაურის რაიონში. პედაგოგების ოჯახში. შემდეგ გადმოვედით ლანჩხუთში და ჩემმა მშობლებმა პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელეს ნიგოითის საშუალო სკოლაში. ნიგოითის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავირიცხე ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. დიდი სურვილი მქონდა, ინგლისური ენის სპეციალისტი გავმხდარიყავი, მაგრამ მიღება ამ სპეციალობაზე შეზღუდული იყო.
ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დავამთავრე და დავბრუნდი ლანჩხუთში, სადაც სკოლ-ინტერნატი ახალ გახსნილი იყო. დედა იქ მუშაობდა და მეც იქვე დავიწყე მუშაობა.
სკოლა-ინტერნატის პირველი დირექტორი გახლდათ არტემ ლომაძე, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მის ჩამოყალიბებაში. მე რომ მივედი, მელენტი ჩიტიძე დამხვდა. თავიდან ოთხი კლასით დაიწყო სკოლამ საქმიანობა, მერე ნელ-ნელა გაიზარდა…” _ იხსენებს ქალბატონი სვეტლანა.
ის ემოციებიც კარგად ახსოვს, ახალბედა პედაგოგს პირველი გაკვეთილის ჩატარებისას რომ დაეუფლა და ის სითბოც დღემდე მოჰყვება, სკოლა-ინტერნატის კედლებიდან რომ გამოჰყვა: “პირველი გაკვეთილი ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, რაც ბუნებრივია. ასე მეგონა, რაც ვიცოდი, ყველაფერი უკლებლივ და დაუყოვნებლად უნდა გადამეცა ბავშვებისთვის…
ინტერნატში საოცარი პედაგოგები დამხვდნენ, აღმზრდელები: ნუნუ წილოსანი, იზოლდა კვირკველია… არაჩვეულებრივი უფროსი აღმზრდელი, ფილოლოგი ლიანა ურუშაძე, რომელიც, სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. პედაგოგები: დარეჯან და შურა სიხარულიძეები, დარეჯან კილაძე, მაყვალა, იგივე ფეფიკო გეწაძე, ლილი ჩხაიძე, ქეთევან თედორაძე, ნუნუ მუხაშავრია, პიონერხელმძღვანელი ეთერ კობალავა… ძალიან კარგი და ტკბილი კოლექტივი ვიყავით. ჩვენთან მუშაობდა ლედიჯან იმნაძე, რომელიც მარტო ექიმი არა, იყო კარგი ადამიანი. შემოწმებებისას გარდამავალი დროშაც რამდენჯერ მიგვიღია.
ცალკე უნდა გავიხსენო ფიზკულტურის მასწავლებელი სულიკო კოზანაშვილი, უზომოდ შეყვარებული თავის პროფესიაზე. ფორმის გარეშე როგორ შეიძლებოდა მოსწავლე გაკვეთილზე შესულიყო! კარგი სპორტული დარბაზი გვქონდა თავისი ინვენტარით.
მოწესრიგებული სასადილო, გამოცდილი დიასახლისები, ოთხჯერადი კვებით: ხორცი, რძის ნაწარმი… საწყობის გამგე, საოცარი ქალბატონი ლამარა ევკალიპდი. ფეხსაცმელების მკერავი გვყავდა, მაჩხვართელი ბიჭიკო წილოსანი.
არასოდეს ბავშვები მარტო არ იყვნენ. დამთავრდებოდა გაკვეთილები და აღმზრდელი პედაგოგები იბარებდნენ, იწყებოდა დამოუკიდებელი მეცადინეობები; შემდეგ გართობა ზომიერად, შემდეგ კი ძიძები ჩაიბარებდნენ”.
ქალბატონ სვეტლანას გული წყდება, რომ სკოლა-ინტერნატი დაუხურა. თვლის, რომ დღესაც უნდა არსებობდეს მსგავსი ტიპის სკოლები.
“პარასკეობით, გაკვეთილების შემდეგ, მორიგეობით მივყვებოდით ბავშვებს სადგურში, ვსვამდით ავტობუსში. მძღოლმა იცოდა, რომ ისინი უფასოდ იმგზავრებდნენ. აჭარიდანაც გვყავდა მოსწავლეები. ახლაც უნდა არსებობდეს ასეთი სკოლები, თუნდაც სახელი შეუცვალონ…
მელენტი ჩიტიძე ფრიად განათლებული, კარგი, უშუალო, ჰუმანური პიროვნება გახლდათ, რომელსაც ადგილობრივი გაზეთი რედაქტორადაც უმუშავია. შემდეგ როზა ბარამიძე გვყავდა დირექტორად; მის შემდეგ კი სუფსიდან მოვიდა ახალგაზრდა ტარიელ ჯიჯიეშვილი, კარგი ატმოსფერო დახვდა და მანაც დადებითი მუხტი გააგრძელა სკოლაში. ყოჩაღი და ენერგიული ხელმძღვანელი გახლდათ მანანა სირაძე, ბოლო დირექტორი კი ნინო ძიძიგური იყო. საკმაოდ ახალგაზრდა, ჰქონდა საინტერესო იდეები, თუმცა, ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და ინტერნატი დაიხურა. ეს ძალიან არასწორად მიმაჩნია. რამდენი კარგი საქმე კეთდებოდა, ბავშვები ელემენტარულად წერა-კითხვას ხომ მაინც სწავლობდნენ?! თბილ საჭმელს ხომ მიირთმევდნენ და თბილად ხომ ეძინათ?! თან კეთილი ადამიანები ზრუნავდნენ მათზე.
თქვენ ხომ არ გგონიათ მარტო ობლები სწავლობდნენ ჩვენთან? ინტერნატი ამაყობს თავისი აღზრდილებით, როგორებიც არიან: ნათია, მაკა ურუშაძეები, ეკა, მაკა სიხარულიძეები, ნოდარ გუგუციძე, საბა წულაძე, ავთანდილ კვირკველია…
ინტერნატი როცა დაიხურა, გაერთიანდა მესამე, მეოთხე სკოლა და ჩვენც მათთან შეგვაერთეს. ცოტა საათი მომიწია და მალევე დავანებე თავი მუშაობას. ძალიან ძნელია, როცა რამდენიმე ათეული წელი ერთ ადგილზე მუშაობ და შემდეგ სხვა გარემოში გიწევს გადასვლა… დავჯექი სახლში, ჩემ ირგვლივ კეთილი მეზობლები არიან”, _ გვიყვება სვეტლანა ჯაში.
ოჯახი _ ჩემმა შვილებმა ორივემ მიიღეს უმაღლესი განათლება _ ნანამ ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტი დაამთავრა, ამჟამად პეტერბურგშია; შოთიკო ყოფილი გპი-ს კურსადამთვრებულია, მისი სპეციალობა მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიაა. მყავს ორი შვილიშვილი _ ანა და მარიამი.
მეუღლე _ მეუღლეს, რევაზ ლორიას ლანჩხუთში ყველა იცნობდა. ზუსტად ჩემი სახლის წინ იყო რედაქცია. იქ, სადაც დღეს საზოგადოებრივი ცენტრის ახალი შენობა დგას. სხვათაშორის, არ მანებივრებდა, არც ლექსი მოუძღვნია ჩემთვის. თავისი სივრცე ჰქონდა _ შუაღამეს წამოდგებოდა, მიუჯდებოდა თავის მაგიდას და წერდა…
ჩემი მშობლები _შემიძლია თამამად ვთქვა, რომ რაფინირებული ინტელიგენტები იყვნენ. არასდროს ხმამაღალი საუბარი არ გამიგონია მათგან…
ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით: ეს სახლი ვიყიდეთ ოჯახისგან, რომლის უფროსმა ქალმა არ ისურვა აქედან წასვლა და ჩვენთან დარჩა. აქ გარდაიცვალა. ამას წინათ შოთიკო მეძახის, მოდი შენი ყოფილი მოსწავლეა სტუმრადო, ვერ ვიცანი, აცანიდან ვარ, სკოლა, რომ დაარსდა, მაშინდელი ვარო… თაფლი მომიტანა. ახლა ხშირად გაიგონებთ, ვერ დავსვი ბავშვი და ვერ ვასწავლეო. მიკვირს, იცით? ჩვენს დროს ასე არ იყო. დამოუკიდებელი მუშაობის დროს ვერავინ გაბედავდა დავალება არ შეესრულებინა. ჩვენთან ბავშვი უყურადღებოდ და უპატრონოდ ნამდვილად არ იყო, ხელიდან ხელში გადადიოდა _ ეს მცირე მოგონებაა ინტერნატის ცხოვრებისა, ცოტა ნაღვლიანი…” _ იხსენებს წარსულს ქალბატონი სვეტლანა.


































































