ახლახან დაიწყო კონკურსი _ „ივერია ბრილიანტი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ“ შშმ პირებისთვის. როგორც ვიუწყებოდით, კორონას წინააღმდეგ ორგანიზებულ ამ კონკურსში, რვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ (საქართველო, ისრაელი, პოლონეთი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი).
ასოციაცია „გურიას“ წარმომადგენლები, კონკურსის დაწყებამდე, საგანგებოდ ემზადებოდნენ. მონდომებამ და სიმღერის სიყვარულმა, ერთმანეთის მიმართ უდიდესმა თანადგომის სურვილმა შედეგი გამოიღო. კონკურსზე კვლავ წარმატებით გამოდის და მეორე ტურში გადავიდა ასოციაცია „გურიას“ ბენეფიციარი, მონიკა ახვლედიანი. მან შეასრულა უკრაინული სიმღერა.
_მეორე ტურისთვის განსაზღვრულია უცხოური სიმღერების შესრულება, რაც კვირის ბოლომდე გასტანს. მომდევნო კვირაში კი დუეტები გამოვლენ. გვაქვს იმედი, რომ გავიმარჯვებთ, ასევე, როგორც ყოველთვის, გვაქვს თქვენი საინფორმაციო მხარდაჭერის იმედი _ გვითხრა „გურიას“ ბენეფიციარმა, თამუნა ლურსმანაშვილმა.
„გურია ნიუსი“ ულოცავს მონიკა ახვლედიანს მეორე ტურში გადასვლას და „გურიას“ წარმომადგელებს უსურვებს შინ გამარჯვებულის სტატუსით დაბრუნებას.