გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი აცხადებს, რომ უშუალოდ განზრახ მკვლელობის ნაწილზე გამოძიება გრძელდება. ამასთან, ყაზარაშვილი არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირებს ბრალი დაუმძიმდეთ.
„რაც შეეხება უშუალოდ განზრახ მკვლელობის ნაწილს, მიმდინარეობს გამოძიება, მათ შორის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდგომაც უამრავი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. რაც შეეხება ბრალდების დამძიმებას, არაა გამორიცხული, როგორც არასრულწლოვნების, ისე სრულწლოვნების მიმართ. შესაბამისად, შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში ამ პირებს, ბრალდებულებს დაუმძიმდეთ ბრალდება. აღნიშნული იქნება მაშინვე, როდესაც იქნება საკმარისი მტკიცებულებები“, – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.
პროკურორის განმარტებით, ყველა არსებული მტკიცებულება საქმეში დევს. თუმცა, დავით ყაზარაშვილი მედიასთან კონკრეტული მტკიცებულებების განხილვისგან თავს იკავებს.
„რაც შეეხება ახალ გარემოებებს, თუ იქნება ახალი გადაწყვეტილებები, ამას გაცნობებთ. კონკრეტული მტკიცებულებების განხილვაში ვერ შევალ. გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით, თუმცა ობიექტური გადაწყვეტილება იქნება იმის მიხედვით, თუ რა დადგინდება მტკიცებულებებით“, – აღნიშნა პროკურორმა.
შეგახსენებთ, დაბადების დღეზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შედეგად, 22 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე 17 პირია დაკავებული. აქედან არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. სასამართლოზე დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა, თუმცა ყველა მათგანი პატიმრობაში რჩება.