ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ხიდისთავის თემში, მდინარე გუბაზეულის მარცხნივ, ზღვის დონიდან 160 მეტრის სიმაღლეზე, სოფელი ჭაჭიეთი მდებარეობს. მოსახლეობა, დაახლოებით, 200-230 სულია, მცხოვრებლების ნაწილი სოფელში მუდმივად არ ცხოვრობს, მუდმივ მცხოვრებლებს კი უგზოობა და წყლის არასათანადო მიწოდება დისკომფორტს უქმნის.
მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რაიონულ ცენტრთან დასაკავშირებლად ხიდისთავში უნდა ჩავიდნენ და იქ დაელოდონ ტრანსპორტს _ ჭაჭიეთის მცხოვრებლებს კი ტრანსპორტი მხოლოდ კვირას, აგრარული ბაზრობის დღეს ემსახურება.
სოფელს არ აქვს არც საკუთარი საბავშვო ბაღი, არც _ სკოლა და არც _ სავაჭრო ცენტრი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები ჟანა ნაკაშიძე გვეუბნება, რომ ჭაჭიეთი სხვა სოფლებთან შედარებით “წინ დგას”, რადგან დღემდე არსებობს სოფლები სადაც არც წყალია და არც _ გაზია.
იგი აღნიშნავს, რომ, რაც კეთდება, დასაფასებელია:
“ძველ დროს თუ გავიხსენებთ, შედარებით, უკეთესი ვითარებაა. სხვა სოფლებთან შედარებით ჩვენი სოფელი გაცილებით წინ დგას _ გაზი გვაქვს, წყალიც, მაშინ, როდესაც არსებობს სოფლები, სადაც არც ერთი არ აქვთ. ბათუმში ვცხოვრობდით, მაგრამ ჩემი მეუღლე აქაურია, აქაურობა ძალიან უყვარს და სოფელთან შეხება სულ გვქონდა. როდესაც დავფუძნდით, მაშინვე ჭა გავაკეთეთ და ეზოში საკუთარი წყალი გვაქვს.
ადამიანების ნაწილს წინ გოდრით ოქროც რომ დაუდგა, რაღაც მაინც უნდათ კიდევ! ასეც არაა”, _ ამბობს ნაკაშიძე.
ქალბატონი ჟანა საუბრისას ყურადღებას ამახვილებს მოსახლეობის ახლო ურთიერთობასა და კეთილ დამოკიდებულებაზე.
“ჩვენი კუთხე ისეთია, ერთი ოჯახივით ვართ, რამდენიმე თვით სახლიდან რომ წავიდე და ყველაფერი ღია დავტოვო, არაფერი გამიფუჭდება. ყველა ერთმანეთს მხარში უდგას”, _ გვეუბნება ქალბატონი.
სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები, გია, რომელიც გვარს არ გვეუბნება, ამბობს, რომ, უმეტესად მანქანით გადაადგილდება და გზაზე კარგ ავტომობილს სიარული არ უჭირს, მოსახლეობა კი, ვისაც წყალი არ აქვს, იმარაგებს.
მისი თქმით, სოფელში ახალგაზრდებს პერსპექტივა არ აქვთ, ამიტომ უმეტესობა ან საზღვარგარეთ არის წასული სამუშაოდ ან ბათუმში:
“მე ჩემი საკუთარი წყალი მაქვს ეზოში. ვისაც არ აქვს ასე წყალი და გრაფიკზეა დამოკიდებული, აგროვებს. სოფელში დასაქმების საშუალება არ არის, ამიტომ ყველა საზღვარგარეთ ან ბათუმშია სამუშაოდ წასული. სოფელი იცლება. ძირითადად, ხანდაზმულები არიან დარჩენილები”, _ ამბობს ის.
კიდევ ერთი მოსახლის თქმით, წყალი ხან მოდის, ხან _ არა, წყლის წნევა კი ი
მდენად დაბალია, რომ წყლის გამაცხელებელს ვერ ამუშავებს:
“წყალი ხან წყდება, ხან _ მოდის. ზოგჯერ კარგად მოდის, უმეტესად კი ისე დაბალი წნევა აქვს, რომ გამათბობელი წყალს ან საერთოდ არ ათბობს ან პირიქით, ისე აცხელებს, დაბანა შეუძლებელი ხდება”, _ გვეუბნება ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.
როდის მოგვარდება სოფლად უწყლობის და უგზოობის პრობლემა _ ამ საკითხზე “გურია ნიუსი” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ხიდისთავის თემში დავით ვასაძეს ესაუბრა:
“იგეგმება 300 მეტრამდე ბეტონის საფარის დაგება. სადაც არის ახლა დაგებული, იქედან გავაგრძელებთ და ეკლესიამდე ავალთ. ეკლესიის იქეთ ბეტონის საფარის დაგება გათვალისწინებული არ არის, მაგრამ მოიხრეშა გზა. სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დადგება დღის წესრიგში დარჩენილი გზის დაბეტონებაც”, _ გვითხრა ვასაძემ.
მერის წარმომადგენლის თქმითვე, ხიდისთავსა და ჭაჭიეთში წყლის მაგისტრალის შეცვლა იგეგმება, რაც ნიშნავს, რომ თემს წყლის მიწოდების პრობლემა არ ექნება:
“მეწიეთში არის სათავე ნაგებობა, საიდანაც მიეწოდება წყალი ჭაჭიეთს და თითქმის, ხიდისთავის მთელ თემს. წყალი ხანდახან შეიძლება იყოს გრაფიკით, მაგრამ ახლა უკვე გადაწყვეტილია წყლის მაგისტრალების შეცვლა ხიდისთავსა და ჭაჭიეთში. გარდამავალი პროექტია. სავარაუდოდ, წელს დაიწყება, მომავალ წელსაც გაგრძელდება და მაისისთვის ჭაჭიეთს და ხიდისთავს უწყლობის პრობლემა აღარ ექნება”, _ გვითხრა მერის წარმომადგენელმა.