ოზურგეთის თეატრი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარემონტებულ შენობაში დაბრუნდა პრემიერისთვის ემზადება. ამის შესახებ „გურია ნიუსს” თეატრის დირექტორმა, ზაზა ჯინჭარაძემ აცნობა.
„26 აგვისტოდან შევედით ახალ გარემონტებულ, რეაბილიტირებულ ოზურგეთის თეატრში. ამჟამად ვემზადებით, რომ ღირსეულად გავხსნათ 153-ე თეატრალური სეზონი. წარმოდგენილი იქნება ნ. დუმბაძის მოთხრობების მიხედვით სპექტაკლი «მონატრება ანუ ნუ გააღვიძებთ“,_ გვითხრა ჯინჭარაძემ.
მისივე განმარტებით, პრემიერისთვის მზადება პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიმდინარეობს.
თეატრის რეაბილიტაცია 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2020 წლის ივლისში დასრულდა.
თეატრის შენობა თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი, განთავსებულია ორი სრულფასოვანი სცენა, რადენიმე სარეპეტიციო დარბაზი, ახალი საგრიმიოროები, რადიო სტუდია რადიო სპექტალების ჩასაწერად და სხვა. შენობა მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს, არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
ოზურგეთის თეატრის თანამშრომელთა რიცხვიც გაიზარდა, გაახალგაზრდავდა დასი, შექმნილი ახალი შემოქმედებით-ტექნიკური სამსახურების შესაბამისად დაემატა შემოქმედებით-ტექნიკური პერსონალი, დღეისათვის ოზურგეთის თეატრში 124 თანამშრომელია.
თეატრის საზეიმო გახსნა და 153-ე თეატრალური სეზონის დაწყება ოქტომბერში იგეგმება.
ცნობისთვის, ოზურგეთში სათეატრო ხელოვნება 1868 წლიდან იღებს სათავეს და მას შემდეგ ამ პროცესს არსებობა არ შეუწყვეტია. ოზურგეთში თეატრის დაარსების სათავეებთან იდგა ქართული პროფესიული რეჟისურის ფუძემდებელი ალექსანდრე წუწუნავა, რომლის სახელსაც ატარებს ოზურგეთის თეატრი.