ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში ეპდემიოლოგები მუშაობენ, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა ქვენობნის თემში, დავით კვაჭანტირაძემ განუცხადა.
კვაჭანტირაძის თქმით, ამ დროისთვის ტესტირება ჩაუტარდა, დაახლოებით, 200 ადამიანს.
“ქვენობანში იმყოფებიან ეპიდემიოლოგები, რომლებიც სოფელში მყოფ ყველა ადამიანს უკეთებენ ტესტირებას. ამ დროისთვის ტესტირება ჩაუტარდა, დაახლოებით, 200 პირს. ცოტა წვიმა უშლის ხელს პროცესს. რამდენიმე ადგილი “ბრეზენტით” ჩამოიხურა, სადაც მიმდინარეობს ტესტირება, ასევე, ერთ-ერთი მცხოვრების სახლშიც მუშაობენ ეპიდემიოლოგები. მე იქ არ ვიმყოფები, რადგან ინფიცირებულის წრესთან, გარკვეულწილად, მქონდა კონტაქტი და ვიმყოფები თვითიზოლაციაში. სოფელში სულ გამოსაკვლევია, დაახლოებით, 700 ადამიანი”, _ გვითხრა მერის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში მცხოვრებ გოგონას, კორონავირუსი 4 სექტემბერს დაუდასტურდა. გოგონა ე.წ. “დონას” კლასტერს მიეკუთვნება. მას შემდეგ კოვიდ 19 დაუდასტურდა, ასევე, ქვენობანში მცხოვრებ 3 თვის ჩვილს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ასკანასა და ლაიტურში მცხოვრებ მამაკაცსა და ქალბატონს.
გურიაში მცხოვრებ ასობით ადამიანს ჩაუტარდა PSR ტესტი და რამდენიმე საათში გახდება ცნობილი მათი პასუხები.