დღეს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა. შემდეგ კი, ჩვენი ინფორმაციით, იგი, ასევე, შეხვდა გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს, კოტე შარაშენიძეს.
როგორც კი ამ სტუმრობის შესახებ გახდა ცნობილი, „გურია ნიუსი“ დაინტერესდა და ჩართულობის ცენტრს ეწვია, რადგან ოფიციალურად მედიისთვის არავის არაფერი უცნობებია.
ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გვითხრეს, რომ შეხვედრა დახურულია და მედიის წარმომადგენლები არ დაიშვებოდნენ.
როგორც შემდეგ გავიგეთ, ელჩმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ისაუბრა რეგიონის განვითარებაზე, ეკოლოგიაზე, არჩევნებზე და სხვა საკითხებზე _ იმ თემებზე, რომლებიც დასამალი არ უნდა იყოს რეგიონის მოსახლეობისთვის.
„გურია ნიუსი“ ესაუბრა ელჩის წარმომადგენელს პრესასთან ურთიერთობის საკითხებში, ანიტა თვაურს.
_ ჩვენ შეხვედრა გვქონდა გურიის გუბერნატორთან, ოზურგეთის მერთან. გასაიდუმლოებული ნამდვილად არ იყო. ეს იყო გაცნობითი შეხვედრა, როგორც ჩინოვნიკებთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აქტივისტებთან. მსგავსი შეხვედრები იყო სამეგრელოში, იმერეთში, ახლა გურიას ვეწვიეთ. ელჩმა მოკლედ ისაუბრა და ბოლოს შეაჯამა შეხვედრის შედეგები. რაიმე განსხვავებული გზავნილი არ გვქონია.
_ თქვენ ამბობთ, რომ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო. ჩვენ კი გვაქვს ინფორმაცია, რომ ისაუბრეს ეკოლოგიაზე, არჩევნებზე…
_ აი, ესაა სწორედ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს საკუთარი თავი. ისაუბრეს, რაზე საქმიანობდნენ.
_ მით უფრო, თუ ასე იყო, რატომ არ დაგვიშვეს? მოვედით ჩართულობის ცენტრში. ხალხი როცა იგებს, რომ ამერიკის ელჩი იმყოფება რეგიონში, დიდია ინტერესი…
_არ გვეგონა, თუ დაგაინტერესებდათ…(?)
_ არჩევნებთან დაკავშირებით თუ ისაუბრეს?
_საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ელჩი ყოველდღე საუბრობს მედიით. თუმცა, თქვენ ალბათ, უფრო ლოკალურ საუბარი თუ იყო, ეს გაინტერესებთ?
_ დიახ და უფრო გვაინტერესებს, რა პრინციპით შეირჩა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელსაც ელჩი შეხვდა? გურიაში სხვა ბევრი და კარგი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს.
_ გეტყვით. USAID-ს აქვს პარტნიორული ურთიერთობა გურიაში. ჩვენ ვისთანაც გვაქვს პროექტები, შევხვდით მათ წარმომადგენლებს. დღევანდელი შეხვედრის შესახებ, ინფორმაცია გადავეცით გუბერნიის პრესსამსახურს და შეგიძლიათ, მათაც მიმართოთ, _ გვითხრა ანი თვაურმა.
„გურია ნიუსი“ გუბერნიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ნინო ლომჯარიას დაუკავშირდა და ჰკითხა, რა კრიტერიუმით შეირჩა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ელჩთან იყვნენ მიწვეული.
_ მე შემატყობინეს, რომ ჩამოვიდოდა ელჩი და საჭირო იყო გადაღება. კონკრეტულად რომელი არასამთავრობო უნდა ყოფილიყო მიწვეული და რატომ, ეს ჩემთვის არავის უთქვამს. როგორც ვიკითხე, ეს თავად საელჩომ შეარჩია.