გურიაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავია ადასტურებს.
მჟავიას თქმით ამ წუთისთვის გურიაში სულ 17 დადასტურებული შემთხვევაა.
“დღეს დაგვემატა ოზურგეთში 4 შემთხვევა, ლანჩხუთში 2 შემთხვევა. ოზურგეთის შემთხვევები ბათუმში გამართულ ქორწილთან არის დაკავშირებული, ოღონდ ეს კიდევ სხვა შემთხვევაა, სოფელ ბახვის ინფიცირებულის კონტაქტებია. რაც შეეხება ლანჩხუთს, ეს არის გუშინდელი ოზურგეთის ინფიცირებულის კონტაქტები. ლანჩხუთში არ არის ბევრი კონტაქტი, სულ 7 კონტაქტია. ამ დროის მონაცემებით, გურიაში კორონავირუსის სულ 17 შემთხვევა ფიქსირდება. პანიკის საფუძველი არ გვაქვს, წყარო ცნობილია დაინფიცების, მუშაობა და მოკვლევა ადვილია. ხვალისთვის ველოდებით ტესტირების პასუხებს”, _ განაცხადა მჟავიამ.