თბილისის მეტრო, 21 სექტემბრიდან, მგზავრებს 06:00 საათიდან 24:00 საათამდე მოემსახურება.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მეტროში დასრულებულია ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისიდან თბილისის მეტრო 450 კილომეტრის სიგრძის ძალოვანი კაბელის, სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემების გამოსაცვლელად მიმდინარეობდა სარებილიტაციო სამუშაობი, რის გამოც, მეტრო 06:00 საათიდან 11:00 საათამდე მუშაობდა.
ჩვეულ რეჟიმში გადასვლა ივნისში იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო სამუშაოები გადაიდო და სექტემბრამდე მათი დასრულება ვერ მოხერხდა.
როგორც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში განმარტავენ, სამუშაოების ფარგლებში მეტროპოლიტენის გახსნიდან 54 წლის მანძილზე პირველად, სრულად განახლდა მეტროპოლიტენის საკაბელო და სავენტილაციო ინფრასტრუქტურა;
კერძოდ – შეიცვალა 191,000 მეტრი დაბალი ძაბვის (220-380 ვოლტი) და 137,000 მეტრის საშუალო ძაბვის (6-10 კილოვოლტი) ახალი კაბელი და დამონტაჟდა 32 ერთეული ახალი სავენტილაციო დანადგარი;
პროექტის განხორციელების შედეგად, მეტროპოლიტენში, მნიშვნელოვნად გაიზრდება უსაფრთხოების პარამეტრები და შემცირდება ტექნიკური შეფერხებების რაოდენობა;
ახალი კაბელები მეტროპოლიტენს წელიწადში 670, 000 კილოვატ-საათის, ხოლო ახალი სავენტილაციო დანადგარები – 305, 000 კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ეკონომიის საშუალებას მისცემს.