აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. შემთხვევა ბათუმში დღეს მოხდა, გარდაცვლილია 73 წლის ილია ბერიძე, რომელიც კლინიკა “მედცენტრში” 14 ნოემბერს შეიყვანეს. კლინიკის რეანიმაციის ხელმძღვანელის, ზვიად ბახტაძის თქმით, პაციენტს ფილტვის ქსოვილის 90%-ზე მეტი დაზიანებული ჰქონდა.
“შემოვიდა ჩვენს კლინიკაში 14 ნოემბერს დადასტურებული კოვიდინფექციით, პნევმონიით, 22 კვირიანი, ეს არის დაახლოებით 90%-ზე მეტი ფილტვის ქსოვილის დაზიანებით. გადიოდა ჩვენთან შესაბამის მკურნალობას, მას ჰქონდა, ასევე, თანმხლები დაავადებები, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი, გულის იშემური დაავადება, გადატანილი აორტოკორონალური შუნტირება და ორჯერ კორონალური სისხლძარღვების სტენტირება. გარდაიცვალა დღეს დილით, გულსისხლძარრვთა მწვავე უკმარისობით”, – თქვა ზვიად ბახტაძემ.
ილია ბერიძე “მედცენტრსა” და “მედინაში” მუშაობდა, სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელ თანამდებობებზე იყო.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი რეკორდულად მაღალი – 3 768 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 055 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 41 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 838 მძიმე პაციენტია, მათ შორის სუნთქვის აპარატზე 410 პირი იმყოფება.