დღეს, 11 დეკემბერს, 12:00-ზე საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყება.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში დილიდან მიდიან.
პარლამენტის შენობასთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიაზე შემსვლელი პირების მიმართ სკანდირებენ და მათთან მიახლოებას ცდილობენ.
ცნობისთვის, საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს გადაეცემა, რომელიც, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას გაუძღვება.
სხდომაზე პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელ კომისიას 11 წევრის შემადგენლობით, ხოლო დროებით სამანდატო კომისიას 17 წევრის შემადგენლობით აირჩევენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია სხდომას წარუდგენს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაციას.
პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და შედეგებს პარლამენტს მოახსენებს, რომელიც დადგენილებით ცნობს დროებითი სამანდატო კომისიის მიერ ერთიანი სიით წარმოდგენილი პარლამენტის წევრების უფლებამოსილებას.
პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას შეიძენს პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან, რა დროიდანაც უფლებამოსილება შეუწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.
ამის შემდეგ, პარლამენტის წევრები დადებენ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს, რომლის ტექსტსაც წაიკითხავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
პარლამენტის წევრები ხელს მოაწერენ ფიცის ტექსტს.
ფიცის დადების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.
პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პირველ სხდომას მიაწვდის ინფორმაციას საპარლამენტო ფრაქციების შექმნის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიების რეგისტრაციის შესახებ.
დეპუტატები პირველივე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს აირჩევენ. ამავე სხდომაზე მოხდება კომიტეტის თავმჯდომარეების არჩევა.
როგორც ცნობილია, ახალარჩეული პარლამენტის I სხდომის პარალელურად, 12:00-ზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში, ოპოზიციური პარტიების ნაწილი საქართველოს პარლამენტში პარტიული სიების და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავაშირებით მემორანდუმს ხელს მოაწერენ.
მათთან ერთად არ იქნებიან „მოქალაქეები“, „გირჩი“ და „პატრიოტთა ალიანსი“. მათგან მხოლოდ „მოქალაქეებს“ არ უთქვამთ, რომ მანდატებზე უარის თქმას აპირებენ. ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ ეს მოლაპარაკების პროცესის საბოტაჟი იქნება. ცალსახად ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, თუმცა რა პროცედურას გაივლიან, ჯერჯერობით, არ გადაუწყვეტია „გირჩის“ სიის სამ წევრს – ხვიჩიას, მეგრელიშვილსა და რაქვიაშვილს.