„ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საგარეო მოწყვლადობის შემცირება, ეკონომიკის სტრუქტურის გაუმჯობესება, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობა წარმოადგენს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის გაფართოებაც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობაზე მეტყველებს.
„ამასთან, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო დარჩება რეგიონში ეკონომიკური ზრდის და აღდგენის ლიდერად და ამის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი არის სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. 2020 წელს, პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, არ შეგვიფერხებია სტრუქტურული რეფორმები, განსაკუთრებით ის რეფორმები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს წევრობასა და ვალდებულებასთან ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, რეფორმების დღის წესრიგი გულისხმობს წარმატებული და თანმიმდევრული სტრუქტურული/სისტემური რეფორმების განხორციელებას, რომლებიც ორიენტირებულია ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე, პროდუქტიულობისა და დანაზოგების ზრდაზე, ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფაზე, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და კავშირების გაძლიერებაზე.
„სტრუქტურული რეფორმები და მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა არ არის ორიენტირებული მხოლოდ პანდემიის შემდგომ ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებაზე, არამედ ხელს უწყობს პოტენციური ზრდის ამაღლებას საშუალოვადიან პერსპექტივაში და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.