მკვლელობა მოხდა სამტრედიის სოფელ კორმაღალში. 53 წლის კობა ნიკოლეიშვილი წუხელ შუაღამისას საკუთარ ოჯახში მოკლეს.
სავარაუდო დამნაშავედ მისივე მეზობელი ბ.გ. სახელდება.
,,გურია ნიუსი” დაუკავშირდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს გომის თემში, ზაზა ნიკოლეიშვილს, რომელმაც ფაქტი დაადასტურა.
“როგორც თანასოფლელები ამბობენ და თავადაც გარდაცვალებამდე პოლიციას კობა ნიკოლეიშვილმა უამბო, დაახლოებით, ღამის 12 საათისთვის ვიღაცამ მის ჭიშკართან დაიძახა. ამ დროს სახლში ნიკოლეიშვილთან ერთად მისი სკოლის მოსწავლე ვაჟი იმყოფებოდა. კობა ნიკოლეიშვილი გავიდა გარეთ, აანთო სინათლე, გაემართა ჭიშკრისკენ, საიდანაც მოხდა გასროლა. დაჭრილმა მამაკაცმა პოლიცია გამოიძახა, მოვიდა სასწრაფო, მაგრამ საავადმყოფომდე მისვლა ვერ მოასწრეს, დაჭრილი გზაში გარდაიცვალა. სავარაუდო დამნაშავედ მეზობლის ახალგაზრდა მამაკაცი დაასახელა. ხმა მისად შევიცანიო“, _ ამბობს ,,გურია ნიუსთან” საუბრისას ზაზა ნიკოლეიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხველ კვალზე დააკავეს.
მათივე ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7დან 15 -წლამდე პატიმრობა ელის.