ახალი შტამის ერთადერთი მახასიათებელი, რომელიც დღეისთვის ცნობილია, ეს არის მისი შედარებით სწრაფი გავრცელება, თუმცა მის უფრო მეტად დამაზარალებელ ზეგავლენაზე მონაცემები არ არის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სისტემური პასუხი, ამ შტამთან მიმართებაში იქნება ის, რომ უფრო აქტიურად გამოვიყენოთ პირადი დაცვის საშუალებები.
„გავრცელების შეფერხების მიზნით მნიშვნელოვანია ინდივიდუალურ დონეზე პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და ყველა იმ წესის დაცვა, რომელსაც აქამდე ვიყენებდით სხვა შტამებისთვისაც“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.